სამხრეთ კორეის პოლიციის ცნობით, სხვადასხვა სასტუმროს ნომრებში ფარული კამერები უკანონოდ იყო დამონტაჟებული -1600 ადამიანზე მეტს ვიდეოებს უღებდნენ, ჩანაწერებს კი ყიდდნენ. თანხის გადამხდელი ოთახს სწორედ კამერების საშუალებით უთვალთვალებდა.
დაკავებულია ორი ადამიანი, კიდევ ორ ადამიანზე კი გამოძიება იკვლევს, აქვთ თუ არა მათ კავშირი მომხდართან.
კამერები სხვადასხვა სასტუმროს 42 ოთახში, ასევე 30 საცხოვრებელ ფართში იყო დამონტაჟებული, 10 ქალაქში.
კამერები დეკოდერებში, დენის წყაროებსა და თმის საშრობის სამაგრებში იყო დამალული. მყიდველი ვიდეოს პირდაპირ რეჟიმში უყურებდა.
საიტს, სადაც ვიდეოებს ანთავსებდნენ, 4000-ზე მეტი წევრი ყავს. 97 მათგანი თვიურად 44.95 დოლარს იხდიდა. მათ ვიდეოს განმეორებით ყურებაც შეეძლოთ.
პოლიცია ამბობს, რომ 2018 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე მათ 6000 დოლარზე მეტი მიიღეს.
"ამგვარი საქმე მანამდეც გვქონდა, არალეგალური კამერები თანმიმდევრულად და ფარულად სხვა დროსაც იყო დამონტაჟებული, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციამ აღმოაჩინა საიტი, სადაც ვიდეო ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა," - თქვა მან.
სამხრეთ კორეას სათვალთვალო კამერებთან და უკანონო გადაღებებთან სერიოზული პრობლემა აქვს. CNN-ი 2017 წელს 6400 ვიდეოს უკანონოდ გადაღების ფაქტზე საუბრობს.
2018 წელს უამრავი ქალი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, როგორც სეულიდან, ისე სხვა ქალაქებიდან. მათი სლოგანი "ჩემი ცხოვრება თქვენი პორნო არ არის" იყო.
საპასუხოდ, სეულმა ქალი ინსპექტორების ჯგუფი შექმნა, რომლებიც რეგულარულ ინსპექციას ატარებდნენ და საჯარო ტვალეტებში დამალულ კამერებს ეძებდნენ, თუმცა, ბევრმა ეს ყველაფერი გააკრიტიკა, რადგან ამ ნაბიჯს საზოგადოებრივ საკითხებზე ზედაპირულ რეაგირებად მიიჩნევდა.
ი ჯი სუ, IT სპეციალისტი, რომელიც ქალებს უნებართვოდ გადაღებული ფოტოების წაშლაში ეხმარება, CNN-ს ესაუბრა. გასულ წელს მისი კომპანიის კლიენტები საპროტესტო აქციების და ყურადღების გამო გაიზარდა.
"ყველა კლიენტი, უმეტესად მსგავს რამეს ამბობს - ისინი ძალიან გულგატეხილები არიან, "მინდა რომ მოვკვდე" ან "სახლს ვერ ვტოვებ." განსაკუთრებით, ვიდეოების მსხვერპლების თქმით, ქუჩაში სიარულისას გონიათ, რომ ხალხი მათ ცნობს.
იანვარში სამხრეთ კორეული პორნო საიტის, Soranet-ის თანამეპატრონეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 1.26 მილიონი დოლარი ჯარიმა დააკისრეს. პოპულარული საიტი წინა წელს გაითიშა, რადგან იქ მალულად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები იდებოდა.