ყაზახეთი

ყაზახეთში დედაქალაქისთვის ნურსულთანის დარქმევის მოწინააღმდეგეები დააკავეს

ყაზახეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავა.

reuters-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები ასტანისთვის ნურსულთანის დარქმევას აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, ყაზახეთის დედაქალაქს, ასტანას ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად, 20 მარტიდან ნურსულთანი ჰქვია. 

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ გადაარქვან.

ინაუგურაციის დროს გამოსვლისას მან თქვა, რომ ნაზარბაევი შესანიშნავი ლიდერი და რეფორმატორია.

შეგახსენებთ, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ნურსულთან ნაზარბაევმა 19 მარტს გააკეთა.

78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 28 წელი მართავდა.

ტოკაევი პრეზიდენტის მოვალეობას 2020 წლის აპრილამდე შეასრულებს. სენატის სპიკერად ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი დარიგა დაინიშნა.

ნაზარბაევი კვლავ დარჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და სახალხო დემოკრატიული პარტია ნურ ოტანის ლიდერად, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.

კომენტარები