დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

"ფასეულობების დამცველ ადამიანებთან ვიდგები" - "ოცნებას", სავარაუდოდ, შაქარიშვილიც დატოვებს

ქართული ოცნება, შესაძლოა, საკრებულოს წევრმა, ვატო შაქარიშვილმა დატოვოს. ამ თემაზე, მან ტვ.პირველის გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. 

შაქარიშვილმა, მმართველი გუნდი მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. მისი თქმით, მის მსგავსად, ამ თემაზე კრიტიკულად განწყობილი გუნდში ბევრია. 

"აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართულ ოცნებაში, თვითონ პარტიაში, საპარლამენტო და საკრებულო ნაწილში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს, რომელსაც არ მოსწონს შექმნილი ვითარება და რომელთანაც საერთო მოსაზრებები გაგვაჩნია და არ ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი, მე როდის დავტოვებ ამა თუ იმ ერთობას, მაგრამ მე ვრჩები იმ ღირებულებების და ფასეულობების სადარაჯოზე, რისი გაფრთხილებისთვისაც და დაცვისთვის მე ქართულ ოცნებაში აღმოვჩნდი ჯერ კიდევ 2012 წელს",- ამბობს შაქარიშვილი.  

კითხვაზე დატოვებს თუ არა ის ქართულ ოცნებას, შაქარიშვილი ამბობს, რომ იმ ადამინების გვერდით იქნება ვინც ფასეულობებს უფრთხილდება.

"როდესაც ჩნდება წყალგამყოფი, მე რა თქმა უნდა დავრჩები და ვიქნები იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მყარად 2012 წლამდე, შემდეგაც და დღევანდელ ვითარებაში ვინც იცავს, იზიარებს და უფრთხილდება იმ ღირებულებებს და ფასეულობებს რაც ჩემთვის პირადად არის ძალიან ძვირფასი და როდესაც, ეს წყალგამყოფი ჩნდება მე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები",- ამბობს ვატო შაქარიშვილი. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები