ემილია კლარკი

ემილია კლარკი: GAME OF THRONES-ის გადაღებებისას ტვინის ორი ანევრიზმა გადავიტანე

ემილია კლარკი

ჟურნალ The New Yorker-ში Game of Thrones-ის მსახიობმა ემილია კლარკმა დაწერა, რომ მან სერიალის გადაღებების პერიოდში ტვინის ორი ანევრიზმა გადაიტანა.

ემილია კლარკის თქმით, პირველად ტვინის ანევრიზმა 24 წლის ასაკში დაემართა, როდესაც სერალის პირველი სეზონის გადაღებებიდან ცოტა დრო იყო გასული. ის სავარჯიშო დარბაზში იყო, უცბად კი ძლიერი ტკივილი იგრძნო და გადაწყვიტა სასწრაფოდ საავადმყოფოში წასულიყო.

ანალიზების შედეგად დადგინდა რომ მას ტვინის ანევრიზმა ჰქონდა და გაჩნდა რისკი, რომ დაავადება მეტყველების უნარს დაუქვეითებდა, ის კი ვერასდროს ვეღარ შეძლებდა მსახიობობას. ამის გამო ექიმებმა მსახიობს პირველი ოპერაცია დაუნიშნეს.

"ჩემი მთელი საქმე აგებულია მეტყველებასა და კომუნიკაციაზე. ამის გარეშე მე დავიკარგებოდი", - წერს ემილია კლარკი.

32 წლის მსახიობის თქმით, მას ეგონა რომ მოკვდებოდა და ეს სურდა კიდეც.

"ვყოყმანობდი გამეგრძელებინა თუ არა მკურნალობა. ყველაზე ცუდ მომენტებში, მინდოდა რომ ექიმს აპარატიდან გამოვერთე. მე ვთხოვე ჩემს ექიმებს რომ სიკვდილის უფლება მოეცათ", - წერს ემილია კლარკი.

პირველი ოპერაციისას ექიმებმა შენიშნეს, რომ ემილია კლარკის ტვინში მეორე ანევრიზმაც იყო. ანევრიზმა დროთა განმავლობაში ზომაში გაორმაგდა და ცხადი გახდა მეორე ოპერაციის საჭიროებაც.

მსახიობის თქმით, მეორე ოპერაცია ძალიან მტკივნეული იყო.

"ოპერაცია ჩავარდა, მე მასიური სისხლდენა დამეწყო და ექიმებმა თქვეს, რომ ჩემი გადარჩენა სათუო იქნებოდა თუ კიდევ არ გავიკეთებდი ოპერაციას", - წერს ემილია კლარკი.

მიუხედავად გადატანილი დაავადებისა და ოპერაციებისა, ემილია კლარკი წერს რომ ის ამ დროისთვის 100%-ით გამოჯანმრთელებულია.

"უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ დედაჩემის, ჩემი ძმის, ექიმებისა და მეგობრების წინაშე. ყოველ დღე მენატრება მამაჩემი, რომელიც 2016 წელს სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა და რომელსაც ჩემი ხელი სიცოცხლის ბოლომდე ეჭირა", - წერს ემილია კლარკი.

კომენტარები