ბრექსითი

ტერეზა მეი და ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის ვადის გადაწევაზე შეთანხმდნენ

ტერეზა მეი
AP

გუშინ, 8-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის ვადას გაუხანგრძლივებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო კვირას პარლამენტი ტერეზა მეის მიერ შეთანხმებულ ბრექსითის გეგმას მხარს დაუჭერს, ვადა 22 მაისი იქნება. თუ გეგმა კვლავ ჩავარდება, ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება 12 აპრილამდე მოუწევს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გეგმა კვლავ ჩავარდება, მაგრამ ბრიტანეთი 12 აპრილის ნაცვლად ბრექსითის უფრო ხანგრძლივად გადავადებას მოითხოვს, ბრიტანეთს მაისში დანიშნულ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მოუწევს.

მოსალოდენელია, რომ მომავალ კვირას ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტი მეის გეგმას კენჭს ხელახლა უყრის.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსითის 30 ივნისამდე გადავადება სთხოვა.

ამჟამად გასვლის ვადა 29 მარტია. გასულ კვირას, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 29 მარტის შეცვლის მომხრე 412 პარლამენტარი იყო, ხოლო წინააღმდეგი 202.

ევროკავშირის დატოვების შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა კი ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 85-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 334 იყო.

ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის გეგმას ხელახლა ვეღარ განიხილავს.

კომენტარები