დონალდ ტრამპი

ტრამპი: დროა აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ დროა აშშ-მა გოლანის მაღლობი ისრაელის ტერიტორიად აღიაროს:

"50 წლის შემდეგ დროა აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით კრიტიკული მნიშვნელობისაა ისრაელის და რეგიონული სტაბილურობისათვის!"

მას ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა:

"მაშინ, როდესაც ირანი ცდილობს სირია ისრაელის გასანადგურებელ პლატფორმად გამოიყენოს, პრეზიდენტი ტრამპი გაბედულად აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს გოლანის მაღლობზე." დაწერა მან.

ისრაელმა გოლანის მაღლობის ტერიტორია 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შედეგად სირიისაგან მოიპოვა, თუმცა ბევრი ქვეყანა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ომის საშუალებით ტერიტორიების მოპოვებას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქდ ცნო და აშშ-ის საელჩო თელ ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. გადაწყვეტილება ბევრმა ქვეყანამ დაგმო და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აშშ-ს მისი გაუქმებისაკენ მოუწოდა, თუმცა ტრამპს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. იერუსალიმში საელჩოს გადატანას ღაზას სექტორში დაპირისპირება მოჰყვა. მიუხედავად ამისა აშშ-ის მსგავსად საელჩო გადაიტანა გვატემალამაც, ხოლო ბრაზილიის და ავსტრალიის მთავრობები ამბობენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ. 

კომენტარები