პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019

გირჩის კანდიდატი მთაწმინდაზე მხარდამჭერებს: მასიურად გადაეწერეთ მთაწმინდაზე საცხოვრებლად

0 კომენტარი
ფოტო: დავით ფანცულაია

გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში ჰერმან საბო იქნება. ამის შესახებ მან ოფიციალური ბრიფინგით ამომრჩეველს დღეს მიმართა.

ჰერმან საბოს თქმით, ეს არჩევნები გირჩისთვის რეალური შესაძლებლობაა, რომ იმ იარაღებს, რასაც პატია იყენებს "ქვეყანაში თავისუფლების გაფართოებისთვის", პარლამენტის ტრიბუნაც დაემატოს. 

"შეიძლება ითქვას, რომ კამპანია, ასე ვთქვათ, დავიწყეთ და ისიც გეცოდინებათ ჩვენზე კარგად, რომ გირჩი გამოირჩევა თავისი არასტანდარტული კამპანიებითა და აქტივობებით და ამ 2 თვის განმავლობაშიც ვეცდებით, რომ სულ რაღაც ისეთი შემოგთავაზოთ, რასაც სხვა პარტიები ვერ მოიფიქრებდნენ ან რაღაც-რაღაცები არ ეყოფოდათ,"- ამბობს საბო. 

გირჩის კანდიდატმა კამპანია მხარდამჭერებისთვის მოწოდებით დაიწყო, რომ მასიურად გადაეწერონ მთაწმინდის ოლქში. ამისათვის მან მთაწმინდაზე მცხოვრებ გირჩის ამომრჩევლებს მოუწოდა, უფლება მისცენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ სხვა გირჩის ამომრჩევლებს მათ სახლებში ჩაწერის უფლება მისცენ. 

"გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს 2 რამ მოვუწოდოთ:

1. მთაწმინდელ მხარდამჭერებს მინდა, რომ გამოვეხმაუროთ და თავიანთ სახლებში მოგვცენ უფლება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გირჩის მხარდამჭერები მასიურად მათთან გადაეწერონ;

2. არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ გირჩის Faceebok-გვერდზე მოგვწერონ და მოვახდენთ კოორდინაციას, რომ ისინიც ამ ხალხთან გადაეწერონ მასიურად სახლებში. 

ერთი პრობლემა, რაც შეიძლება შეიქმნას ის არის, რომ ამ 2 თვის განმავლობაში, როდესაც ეს ხალხი გადაწერილი იქნება, კომუნალური გადასახადები, როგორც იცით, ზოგიერთი მათგანი სულადობით ითვლება და გირჩი თავის თავზე იღებს ამ გადასახადებს,"- ამბობს ჰერმან საბო. 

პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის პოსტი მთაწმინდის ოლქში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. არჩევნები მაისშია ჩანიშნული. 

ჰერმან საბოს კონკურენტი მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძე იქნება, რომელიც გუშინ ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკის შექმნის შემდეგ ერთად დაასახელეს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები