არჩევნები 2019

გაერთიანება "ძალა ერთობაშია" ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსს წარადგენს

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად. ჩვენი სურვილები ერთმანეთს დამეთხვა, რადგან თავიდანვე უნდოდა ქალბატონ სანდრას, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო პარლამენტში. მან [2016 წელს] ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაზე, მითუმეტეს, რომ პარლამენტის მაშინდელი კონფიგურაცია და ის შედეგები, რომელიც ხელისუფლებამ დახატა, საერთოდ არ ემთხვეოდა ამომრჩევლის განწყობილებას და გადაწყვეტილებას. ზუგდიდი იქნება ჩვენი ძალისხმევის ერთერთი მთავარი მიმართულება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი" - თქვა ვაშაძემ.

ენმ-ის ერთერთი ლიდერის თქმით, "ძალა ერთობაშია" ყველა ოლქში აპირებს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას "ამა თუ იმ" ფორმით.

"მაგრამ რა ფორმით, ამაზე მსჯელობა გრძელდება" - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია 2016 წელს სანდრა რულოვსს აკრიტიკებდა - მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა., მელიამ რულოვსის საქციელს "ულამაზო" და "მიუღებელი" უწოდა. ახლა მელია ამბობს  - "გამიხარდება, თუ სანდრა რულოვსი იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი".

მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი), საკრებულოების შუალედური (ოზურგეთი, საგარეჯო, ადიგენი, ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო) და პარლამენტის შუალედური (მთაწმინდის ოლქი) არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

კომენტარები