ანაკლიის პორტი

კონსორციუმი: მინისტრის სიტყვებმა შეიძლება აშშ-სთან ურთიერთობაზე ნეგატიურად იმოქმედოს

ბია

ანაკლიის კონსორციუმი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ანაკლიის პორტისთვის შექმნილი პრობლემები შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე.

"როდესაც მიმდინარეობს ჩვენი პორტოპერატორის და აქციონერის, უდიდესი ამერიკული კომპანიის “SSA Marine” - ს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან. და რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებებმა შესაძლებელია ნეგატიური მუხტი შეიტანოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც.

აქვე გვინდა შეგახსენოთ სიტყვები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა საქართველოში ვიზიტისას, სწორედ SSA Marine- სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის პარტნიორობის გაფორმების ცერემონიალზე წარმოთქვა:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძლიერი ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების გამყარების საუკეთესო გამოხატულებაა. ამერიკული კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ორმილიარდიან პროექტში და ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებას!” - ნათქვამია განცხადებაში.

მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ დაპირებული ამერიკული კომპანიის, SSA Marine-ს ნაცვლად, კონსორციუმის რეალური პარტნიორი საქართველოში დაფუძნებული კომპანია SSA International-ია.

“კონსორციუმი ცდილობს საზოგადოებაში “გაყიდოს”, თითქოს მისი პარტნიორი SSA Marine-ია, რომელიც პორტების მართვაში გამოცდილი კომპანიაა. ის მსოფლიოში 200-ზე მეტი პორტის ოპერირებას ახდენს. SSA Marine-ის ნაცვლად ვიღებთ ამავე ჯგუფში შემავალი კომპანიის 5 თანამშრომელს, რომელიც სხვა თანამშრომლებთან ერთად იქნება პორტის მხოლოდ ტექნიკურ ოპერირებაზე პასუხისმგებელი. ყველა რისკი, მათ შორის ანაკლიის პორტის კომერციული განვითარება, კონსორციუმის ხელში რჩება.” - აცხადებს მინისტრი.

კონსორციუმში აცხადებენ, რომ SSA Marine აშშ-დან ვერ შეძლებს ანაკლიის პორტის ოპერირებას, ამისთვის კომპანიამ ადგილობრივი წარმომადგენლობა უნდა გამოიყენოს, ამიტომაც მინისტრის ბრალდება უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი პარლამენტის წინაშე წარსდგა, სადაც მან ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გააკრიტიკა. ცქიტიშვილმა “გამოუცდელი ადამიანები” უწოდა პროექტის მმართველებს და ეჭვი გამოთქვა, რომ პორტის პროექტის თავდაპირველი ფაზის დასრულება დათქმულ ვადაში ვერ მოესწრება.

22 მარტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის გამონათქვამები აზიანებს როგორც ანაკლიის პორტის პროექტს, ისე მთლიანად საინვესტიციო გარემოს საქართველოში.

კომენტარები