საქართველოს პარლამენტი

"ოცნების" დეპუტატი კობახიძეს: თუ შეიძლება, რომ პარასკევობით 4 საათამდე ვიმუშაოთ?

2020news.ge

22 მარტის პლენარული სხდომის დასრულებისას, უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს პარასკეობით მუშაობის ადრე დასრულების ინიციატივით მიმართა.

"დღეს თუ შეიძლება, რომ 4 საათამდე იყოს სამუშაო დღე? თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა პარასკევობით, რომ დავთქვათ 4-საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება", - თქვა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა, პარასკევს პარლამენტს დატვირთული გრაფიკი აქვს.

"გაგვიჭირდება ალბათ, იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რომ 9 საათზეც გვიჭირს ხოლმე მუშაობის დასრულება, მითმეტეს, პარასკევს არის ხოლმე ინტერპელაციები და მთავრობის მოსმენები საკმაოდ ხშირად, ამიტომ, შეიძლება გაგვიჭირდეს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"უბრალოდ, 4-დღიანია და მეთქი, არის საშუალება, რომ 4 საათამდე დავამთავროთ. თქვენ უფრო იცით" - მიმართა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც მიიღო პასუხი, რომ "სასურველი იქნებოდა, თუ შევძლებდით".

აღსანიშნავია, რომ შოთა შალელაშვილი 2018 წელს ყველაზე გამცდენი დეპუტატების რიცხვში მოხვდა. მან გასულ წელს პარლამენტის 31 სხდომა გააცდინა - აქედან 23 საპატიო მიზეზით, ხოლო 8 - არასაპატიო.

კომენტარები