ახალი პოლიტიკური ბლოკი

შავგულიძე: "ოცნების" არაკომპეტენტურობამ მერაბიშვილის პოლიტპატიმრობა შესაძლებელი გახადა

0 კომენტარი
შალვა შავგულიძე ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

"მე ნამდვილად არ მიღალატია ჩემი ღირებულებებისთვის და იმ მიზნისთვის, რასაც ვემსახურებოდი მაშინ, როდესაც ვიყავი ადვოკატი, რისთვისაც წამოვედი პოლიტიკაში,"- ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე ევროპულ საქართველოსთან ერთად ახალი პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებას. 

თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში სწორედ შალვა შავგულიძე იქნება. 

იმედის ეთერში შავგულიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მან, როგორც სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა უღალატა თუ არა პრინციპებს ევროპულ საქართველოსთან გაერთიანებით. 

შავგულიძე პასუხობს, რომ როდესაც ის სანდრო გირგვლიანის უფლებებს იცავდა, მაშინ უსამართლობის მთავარი შემოქმედი სწორედ სასამართლო იყო, რომელიც მისი თქმით, კანონიდან გამომდინარე კი არ იღებდა გადაწყვეტილებას, არამედ მმართველი გუნდის ძალისა და ნების შესაბამისად. 

"რა ვითარება გვაქვს დღეს? შეიცვალა ამ მხრივ სიტუაცია? ახლანდელმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლა სასამართლო ხელისუფლება კონტროლისაგან? მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პირიქით, კიდევ უფრო ინსტიტუციურად უფრო მეტად მოაქცია ის საკუთარი კონტროლის ქვეშ და უფრო მეტიც პერსონალიებსაც კი ვერ შეელია და სწორედ იმ მოსამართლეებს, რომელთა ხელითაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა უსამართლობას, იმათ საერთოდ ჩააბარა სასამართლო ხელისუფლება,"- ამბობს შავგულიძე. 

შავგულიძის თქმით, მისი, როგორც პოლიტიკოსის მიზანი უცვლელია და ეს ქვეყანაში უსამართლობის დასრულებაა. შავგულიძის თქმით, მხოლოდ ერთი ადამიანი ან ერთი პარტია ვერ შეძლებს ამ ვითარების გამოსწორებას და აუცილებელია პოლიტიკური პარტნიორების შეძენა. 

"უნდა მოძებნო ისეთი ძალა და ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებთანაც შენ გაქვს ღირებულებითი თანხვედრა უმთავრეს საკითხებზე. ასეთი უმთავრესი სტრატეგიული მიმართულება ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის და პირადად ჩემთვის არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ევროპული საქართველო არის მკაფიოდ ევროატლანტიკური პოლიტიკური ძალა. ამასთან ერთად, მისი წევრები დაკომპლექტებულები არიან მაღალი კვალიფიკაციის წევრებით. ამასთან ერთად გვაქვს კიდევ სხვა ღირებულებითი თანხვედრა... რაც შეეხება ადამიანის უფლებებს - ამ გუნდის წევრები საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს და ისინი აცხადებენ, რომ სამართლის სფეროში მათ ხელისუფლებას ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა. ისინი წუხან ამის შესახებ და ამბობენ, რომ ეს იყო ცუდი,"- ამბობს შალვა შავგულიძე. 

იმედის ჟურნალისტმა შავგულიძეს ჰკითხა, ის და ევროპული საქართველოს ლიდერები თანხმდებიან თუ არა იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტმატიმარია, რაზეც შავგულიძემ უპასუხა, რომ "ვანო მერაბიშვილმა დაარღვია კანონი სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ამ ნაწილში ის არ არის პოლიტმატიმარი", თუმცა ქართულმა ოცნებამ პატიმარ მერაბიშვილის მიმართ ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია. 

"რამ განაპირობა ის, რომ ვანო მერაბიშვილის გამოცხადება შესაძლებელი გახდა პოლიტპატიმრად? განაპირობა ეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ პატიმარ ვანო მერაბიშვილს, რომელიც სწორედ გირგვლიანის საქმეშიც არის გამტყუნებული, ქართულმა ოცნებამ თავისი არაკომპეტენტურობით ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაურღვია, რაც დაადასტურა ევროპულმა სასამართლომ. აქედან წამოვიდა ვანო მერაბიშვილზე პოლიტმატიმრად აღიარების შესაძლებლობა,"- ამბობს შავგულიძე. 

შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ლიდერებთან ერთად ვანო მერაბიშვილის შესაძლო დამნაშავეობაზე არ უსაუბრია. 

"ეს არ არის წამყვანი თემა და ამ თემაზე, რომ ვანო მერაბიშვილი რა ნაწილში მიგვაჩნია დამნაშავედ და რა ნაწილში - არა, ამაზე არც გვიმსჯელია. აქ ცოტა სერიოზულად უნდა დანახვა. ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, რომ ყოველი მომდევნო ხელისუფლება მტრად აცხადებს წინა ხელისუფლებას და საერთოდ 30 წელია, რაც დამოუკიდებლები ვართ, ხელისუფლების შეცვლა ხდება სამოქალაქო დაპირისპირების ხარისხში,"- ამბობს შავგულიძე. 

20 მარტს ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატი შალვა შავგულიძე დაასახელეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები