ევროპული საქართველო

უგულავა: მეგატრონების თამაშს საქართველოში პროპორციული არჩევნები დაასრულებს

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილის, ისევე როგორც ივანიშვილის ადგილი, არის საქართველოში. "კვირის აქცენტებში" ნიკა გვარამიამ ჰკითხა, რატომ "აპარალელებს" ამ ორ ადამიანს.

"იმიტომ, რომ ორი მსხვილი ფიგურაა. ერთმა მეორე გააგდო ქვეყნიდან და მეორე პირველს დაჭერით ემუქრება. ამიტომ ვაპარალელებ, თორემ შინაარსობრივად, მე რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო და არ მომწონდეს მიშას თითოეული თუ ყოველი გამონათქვამი, ამ ორ სუბიექტს შორის ერთ ტოლობის ნიშანს არ და ვერ დავსვამ”, - თქვა უგულავამ და პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“პროპორციულად თუ ჩატარდება არჩევნები, სააკაშვილი თავის პარტიასთან ერთად წარდგება ამომრჩევლის წინაშე, ისევე, როგორც მე ჩემს პარტიასთან ერთად და ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის ივანიშვილიც. ვინ, როგორ, რას იზამს, ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ეს მეგატრონების თამაში საქართველოში უნდა დამთავრდეს. მეგატრონების თამაში არის, როცა ორი ვითომ კუნთიანი ტიპი ერთმანეთს ეჩხუბება. პროპორციული არჩევნებით დამთავრდება ეს, იმიტომ, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ვერავინ 50%-ს ვერ აიღებს, ვერც ერთი 50%-ს ვერ აიღებს, პროპორციული არჩევნები ერთადერთი დაზღვევის მექანიზმია, რომ თავს ვერავინ ვერ გავიდეს, მეც ვერ გავიდე, იმიტომ, რომ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ მიდრეკილება ნებისმიერ ადამიანს აქვს. ამიტომ, ივანიშვილის ადგილიც არის საქართველოში და სააკაშვილის ადგილიც არის საქართველოში" - თქვა უგულავამ კვირის აქცენტებში.

ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს ასევე ჰკითხეს, ჰიპოთეტურად, ენმ-სთან ერთად კოალიციურ მთავრობას თუ განიხილავს და იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი. 

"არა. მთავრობაში სააკაშვილთან ერთად ჩემს თავს ვერ ვხედავ. ჰიპოთეტურად კოალიციურ შესაძლებლობას ვხედავ, მაგრამ ვთვლი, რომ მიშა არ არის იმ ფორმაში, რომ დღეს ის იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი. დღევანდელი მიშა სააკაშვილი ისეთ პოლიტიკურ ფორმაში არ არის, რომ პრემიერმინისტრი გახდეს. თუ მისი პარტია მოიგებს და კოალიციური მთავრობა იქნება, მის პარტიაში არსებობენ ლიდერები და ეს მომდევნო საუბრის თემაა " - აღნიშნა უგულავამ.

ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ ამას ენმ გადაწყვეტს, მაგრამ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა შეახსენა, რომ "თუ კოალიციაა და ჩემ გარეშე თუ არ დგება კოალიცია, მეც ვაყენებ პირობებს, ჰო"?.

კომენტარები