ისრაელი

ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა ისრაელში სახლს დაეცა, დაშავდა 7 ადამიანი

Getty Images

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტა თელ ავივთან 20 კილომეტრში ერთ-ერთ სახლს დაეცა. დაშავდა 7 ადამიანი. დაშავებულთა შორის 3 ბავშვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია. ისრაელი ჰამასს ადანაშაულებს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა და სათანადო რეაგირების პირობა დადო.

"რამდენიმე საათში პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები და მაშინვე დავბრუნდები ისრაელში, რათა ჩვენს ქმედებებს გავუწიო ზედამხედველობა." თქვა მან.

2014 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი მანძილია, რაც ღაზას სექტორიდან გასროლილმა რაკეტამ დაფარა.

მიმდინარე თვის დასაწყისში თელ ავივის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ორი რაკეტა გაისროლეს, თუმცა მაშინ არავინ დაშავებულა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის შემდეგ ისრაელში საყოველთაო არჩევნები გაიმართება.

კომენტარები