რუსეთი

რუსი ჟურნალისტების ექსპერიმენტი - მუზეუმში უსაფრთხოების შესამოწმებლად ექსპონატი დაკიდეს

რუსულმა გამოცემამ Московский комсомолец 24 მარტს დაწერა, რომ სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენაზე, სახელწოდებით "ნიკოლოზ II. ოჯახი და ტახტი" ფალსიფიცირებული ექსპონატი გამოიფინა.

ნიკოლოზ II-ის ცოლის, ალექსანდრას, პორტრეტზე ქალს ხელში რაღაც ნივთი ეკავა, რომელიც სიგნალიზაციის ღილაკს ჰგავდა. ასეთი ღილაკები მუზეუმის ზედამხედველებს უკავიათ ხოლმე ხელში და მას დაცვის გამოსაძახებლად იყენებენ. 

Московский комсомолец-მა დაწერა, რომ ზედმეტი სურათის გამოჩენის შესახებ 2-მა 16 წლის დამთვალიერებელმა შეამჩნია, რომლებიც დარბაზებში დადიოდნენ და ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდნენ. გამოცემა წერდა, რომ ფოტოების დათვალიერების შემდეგ მათ ყურადღება მიაქციეს იმას, რომ კედელზე ჩარჩოში ჩასმული ფოტო ეკიდა, რომელიც მანამდე იქ არ ყოფილა. ამასთან, გამოცემის მტკიცებით, გოგონებმა ვიდეოზე შემთხვევით გადაიღეს კაცი და ქალი, რომლებმაც ეს ფოტო კედელზე დაამაგრეს და წავიდნენ. 

"ჩვენ ძალიან გაგიკვირდა - ასეთი რამ შესაძლებელია? ასევე, ვიფიქრეთ, რომ ისინი მუზეუმის თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც გამოფენაზე ფოტო დაამატეს. თუმცა, ფოტოზე უცნაურმა აქსესუარმა და იმ ფაქტმა, რომ ფოტოს აღწერითი დაფა აკლდა, დაგვაფიქრა,"- ციტირებდა გამოცემა ერთერთ გოგოს. 

სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოფენაზე ფალსიფიცირებული ექსპონატი გამოჩნდა და ამ ფაქტს დაგეგმილი აქცია უწოდეს. 

"ეს 5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი იყო მკაცრად განსაზღვრული როლებით. ზოგიერთი ზედამხედველის ყურადღების გაფანტვას ცდილობდა, სხვები კამერაზე იღებდნენ, მესამე ნაწილი კი ფოტოს კიდებდა. ეს თავიდანვე დაგეგმილი და მომზადებული იყო. მათ ჩარჩოც კი იმ ზომის შარჩიეს, როგორიც გამოფენაზე გამოტანილ ფოტოებს ჰქონდა. ცხადი იყო, რომ ისინი პირველად არ მოსულან,"- ამბობს მუზეუმის პრესსამსახური. 

Московский комсомолец-მა პირველმა დაწერა ფალსიფიცირებულ ექსპონატზე, შემდეგ კი გამოტყდა, რომ სურათი თავად გამოცემის ჟურნალისტებმა დაკიდეს. 

რამდენიმე საათის შემდეგ Московский комсомолец-ის ვებგვერდზე მასალა გამოქვეყნდა, სახელწოდებით "კუინჯი პირიქით: ჩვენ მუზეუმში გამოფენაზე დამატებითი ექსპონატი გამოვფინეთ". მასალაში ეწერა, რომ მუზეუმში ნიკოლოზ II-ის ცოლის ფოტოს დაკიდების აქციაში 8 ჟურნალისტი იყო ჩართული. მათივე ცნობით, მათ უნდოდათ, რომ მუზეუმის უსაფრთხოების სისტემა შეემოწმებინათ. აქციის მიზნის მინიშნება კი, სწორედ ის ნივთი იყო, რომელიც იმპერატორის ცოლს ხელში ეკავა. ის სურათზე ფოტოშოპით დაიტანეს.

ერთერთმა ჟურნალისტმა ალექსანდრა ფიოდოროვნას სურათი მუზეუმში თავისი ზურგჩანთით შეიტანა. შესვლის დროს ის რუსეთის გვარდიის თანამშრომელმა შეამოწმა და ვერაფერი საეჭვო ვერ იპოვა. ამის შემდეგ ჟურნალისტი საპირფარეშოში შევიდა და სურათი კოლეგას გადასცა, რომელმაც ის ტყავის ხელჩანთაში მოათავსა, რათა ამოღება უფრო მარტივი ყოფილიყო. საგამოფენო დარბაზში ჟურნალისტმა ჩარჩო კედელზე ორმაგი "სკოჩით" მიამაგრა. შესაფერისი წუთის შესახებ მას კოლეგამ ანიშნა, რომელიც მასთან ახლოს იდგა და სადამკვირვებლო კამერას ეფარებოდა. ამ დროს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი მუზეუმის ზედამხედველების ყურადღების გაფანტვას ცდილობდნენ თხოვნით, მათთვის ფოტოები გადაეღო. ამის შემდეგ კი ჟურნალისტებმა მუზეუმი დატოვეს. 

აქციის მონაწილეებმა ასევე აღიარეს, რომ დაგეგმვის პროცესში ისინი მართლაც რამდენჯერმე მივიდნენ სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში და ცდილობდნენ გაერკვიათ, დაცული არის, თუ არა ექსპონატები ინდივიდუალური სიგნალიზაციით, ყველა დარბაზში არის თუ არა დამაგრებული კამერები და სტაციონარული სიგნალიზაციის ღილაკები. 

"ჩვენ სირთულეების გვეშინოდა, მაგრამ ამავდროულად, მათზე ვამყარებდით იმედზე. გვეგონა, რომ ყველას პოლიციაში წაგვიყვანდნენ. წინასწარ მოვამზადეთ წერილი, რომელზეც რედაქციის ხელმძღვანელების ხელმოწერები იყო, რომ ამ აქციის მიზანი უსაფრთხოების შემოწმება იყო,"- ნათქვამისა Московский комсомолец-ის სტატიაში. 

ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ "კამერები და დაცვის წევრები ინტერიერის უაზრო ნაწილებად იქცნენ", ხოლო "ზედამხედველები კი, სავარაუდოდ, ერთადერთები არიან, ვისაც მუზეუმის დაცვა შეუძლიათ". 

"ნუთუ ჩვენს ხელისუფლებას არ შეუძლია დაიცვას ის ქვეყნის ისტორიული მოგონებები, რაც ხალხის სულიერ საყრდენს წარმოადგენს,"- წერია Московский комсомолец-ის სტატიაში. ამასთან, გამოცემამ თხოვნით მიმართა სამართალდამცველებს, რომ არ დაესაჯათ მუზეუმის ზედამხედველები და მუზეუმს შესთავაზა, თავად გაერემონტებინათ ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ფალსიფიცირებული სურათის მიკვრის შედეგად კვალი დარჩენილიყო. 

ისტორიული მუზეუმის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა, მარია ლემიგოვამ, ჟურნალისტების ქმედებას გულისამრევი უწოდა. 

"ცინიკურია ზედამხედველების ბედზე "ზრუნვა", მათ არ გაითვალისწინეს, რომ თანამშრომლების ასაკი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ახალგაზრდული არ არის. ახლა ისინი თავს გამოყენებულ მონეტად გრძნობენ, ვიღაცის ბოროტ პროვოკაციაში გამოყენებულ ინსტრუმენტად და ღმერთმა ნუ ქნას, რომ მათი ნერვიულობა კიდევ უფრო დიდში გადაიზარდოს,"- დაწერა ლემიგოვამ Facebook-ზე. 

ჟურნალისტებმა ამ ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 27 იანვარს ტრეტიაკოვის გალერეადან ეთნიკურად ბერძენი მხატვრის, არხიპ კუინჯის, ნახატა, სახელწოდებით "აი-პეტრი, ყირიმი" პირდაპირ გამოფენის დროს მოიპარეს

უცნობმა პირმა ნახატი მაშინ გაიტაცა, როცა გალერეაში გამოფენისთვის ემზადებოდნენ და დარბაზში სხვა დამთვალიერებლებიც იყვნენ. პირველი შეტყობინება ნახატის გაქრობასთან დაკავშირებით ტელეგრამის ჩატში 18:48 საათზე დაიწერა. არხის ავტორი ყვება, რომ კუინჯის ნახატი "ვიღაც კაცმა მათ თვალწინ მოიპარა". მოგვიანებით ტელეგრამის იმავე არხზე გატაცებასთან დაკავშირებით უფრო დეტალური აღწერა დაიწერა:

"ჩვეულებრივად ჩაცმული კაცი დინჯი ნაბიჯებით მივიდა ნახატთან და ის კედლიდან მოხსნა. ჩვენ და სხვა დამთვალიერებლები, რომლებიც ზუსტად ამ ნახატს ვუყურებდით, ვერაფერს მივხვდით. ყვირილი არ ატეხილა - იქნებ, გალერეაში დასაქმული ადამიანი ნახატს ცვლის? ქურდმა კი მშვიდად ამოიღო ნახატი ჩარჩოდან და გავიდა". 

რის შემდეგაც, არხის ავტორის თქმით, მომხდარს მუზეუმის დამკვირვებელმა მიაქცია ყურადღება, რამდენიმე წუთში კი დარბაზში დაცვაც გამოჩნდა. ამ ვერსიას TACC-ის წყაროც ადასტურებს. მისი თქმით, "მამაკაცი, რომელიც მუზეუმში დასაქმებულად ჩათვალეს, მშვიდად მივიდა ქუინჯის პეიზაჟთან, ამოიღო ის ჩარჩოდან და წავიდა".

კომენტარები