ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ე.წ უდოს კომისია ხელახლა იმსჯელებს

www.ipn.ge

იუსტიციის სამინისტროს დღეს, 25 მარტს ამოეწურა საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების 1-თვიანი ვადა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ გააუქმა ე.წ უდოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილისთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. 

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასასაჩივრებლად ვადა დღეს 15:00 საათამდე ჰქონდა. უწყებამ გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ უდოს კომისია მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ხელახლა იმსჯელებს. 

ამის შესახებ მედიასთან მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩიავიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კომისიას ვადა 5 აპრილამდე აქვს. ამასთან, ადვოკატი ჩიავიაშვილი განმარტავს, რომ კომისია ვეღარ გამოიყენებს იმ საფუძვლებს, რომლის გამოც მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე აქამდე უარი უთხრეს. 

"ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული. იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში, შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ახლა ვალდებულია, იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი, ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. 

იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფძვლოდ იქნა მიჩნეული, ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ მათ იმსჯელონ დაუყონებლივ და გაათავისუფლონ მერაბიშვილი პატიმრობიდან,"- ამბობს ადვოკატი ჩიავიაშვილი.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

2018 წლის 6 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

კომენტარები