ბულინგი სკოლაში

11 წლის ბიჭს ბულინგის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში 11 წლის ბიჭის მიმართ ბულინგის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

ინფორმაცია ტაბულას შსს-მ მიაწოდა. 

უწყებამ ასევე დაადასტურა, რომ ახალციხის რაიონულმა განყოფილების პოლიციელებმა შაბათს, 23 მარტს გამოკითხეს 11 წლის ბიჭი და მისი დედა. 

სამხრეთის კარიბჭე, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია პირველმა გამოაქვეყნა, ბიჭის დედის კომენტარს ავრცელებს: 

"ყველაფერს ყვება რა როგორ იყო თავიდან, მაგრამ როცა იქამდე მიდიან თუ რას ეუბნებოდნენ, რას უკეთებდნენ და როგორ ექცეოდნენ, ტირილი უტყდება და ლაპარაკი უჭირს", – ამბობს დედა. 

გამოცემისვე ცნობით, დღეს, 25 მარტს, ბიჭის არც ერთი კლასელი პროტესტის ნიშნად სკოლაში არ გამოცხადდა. კლასის 15 მოსწავლიდან 14-ის მშობლები ფიქრობენ, რომ ბიჭი იტყუება და მას არავინ აბულინგებდა. მოსწავლეების მოთხოვნა სკოლიდან კლასის დამრიგებლის წასვლაა, რომელიც, მათი თქმით, ბიჭს იცავს. მათ ასევე სურთ, სკოლაში ის მასწავლებელი დაბრუნდეს, რომელმაც, სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ბავშვებთან ერთად დააბულინგა მოსწავლე. 

"ის მხოლოდ ამ ბიჭის მხარეს იჭერს, არადა მას სკოლაში არავინ აბულინგებს. არც მასწავლებელს დაუშავებია არაფერი და კლასში უნდა დაბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში არ გავუშვებთ",- თქვეს მშობლებმა სამხრეთის კარიბჭესთან. 

გამოცემამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლის, 11 წლის ბიჭის რამდენიმეთვიან ბულინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მენტალური პრობლემები მოჰყვა. 

სამხრეთის კარიბჭის ცნობით, 18 მარტს მეექვსე კლასელი ბიჭი მესამე გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა. სკოლის ექიმთან ის აკანკალებული მიიყვანეს, თუმცა, ექიმმა ვერაფერი შეამჩნია. დედამ კი რამდენიმე დღეში თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში წაიყვანა, სადაც დადგინდა, რომ მოზარდს რიგი პრობლემები დაუდგინდა, ეს ყველაფერი კი ნევროზულ ნიადაგზე განუვითარდა. ამავე სამედიცინო დოკუმენტშია გაწერილი მკურნალობის კურსიც.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 11 წლის ბიჭმა კლასელს უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა, პოლიციაში დარეკავდა. მან მართლაც აკრიფა 911, ვინაიდან ის წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ამერიკის საელჩოში მოხვდა, საიდანაც მისი ზარი 112-ზე გადაამისამართეს. 

პოლიციამ მეექვსე კლასელი ბიჭის ტელეფონზე მაშინვე გადმორეკა, თუმცა მოზარდმა უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა. ეს მოგვიანებით, სამართალდამცველებს მშობლებმაც დაუდასტურეს და ვითარება მალევე მოგვარდა. 

მოგვიანებით კი სკოლაში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა იჩხუბეს. საქმეში მანდატური ჩაერია და მოკვლევა პოლიციამაც დაიწყო.

11 წლის ბიჭს ამ ჩხუბის პოლიციისთვის შეტყობინება დასდეს ბრალად და ამის გამო მას შეურაცხყოფა ერთ-ერთმა მასწავლებელმაც მიაყენა, რომელიც, როგორც გაირკვა, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის ბებიაა. 

ბიჭის ოჯახის წევრებმა სამხრეთის კარიბჭეს უთხრეს, რომ ბავშვის ბულინგი გაკვეთილზეც გაგრძელდა როგორც დანარჩენი მოსწავლეების, ისე მასწავლებლის მხრიდან. 

ვითარების შესახებ მალე დირექტორმა და სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა შეიტყო და მასწავებელმა საყვედური მიიღო. ის კლასს ჩამოშორდა, თუმცა, 11 წლის ბიჭის კლასელების მშობლები ამ მასწავლებლის კლასში დაბრუნებას ითხოვენ - 15-დან 13 მოსწავლის მშობელი ხელს აწერს შესაბამის განცხადებას. .

სკოლის დირექტორმა ტაბულას უთხრა, რომ დირექციამ სათანადო ზომები დროულად მიიღო, დეტალებზე საუბრისგან კი თავის შეკავება ამჯობინა, მისი თქმით, ბავშვის და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ის დაგვპირდა, რომ ვრცელ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც საქმეზე მოკვლევა დასრულდება. 

რაც შეეხება განათლების სამინისტროს - უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საქმეში მათი წარმომადგენლები ჩართულები არიან, ოფიციალური და დეტალური კომენტარი მას შემდეგ გაკეთდება, რაც მინისტრი და მისი მოადგილე საქართველოში დუბაიდან დაბრუნდებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები