დეპრესია

კვლევით თანახმად, ბავშვობაში გადატანილ ტრავმას ტვინის სტრუქტურის ცვლილება და დეპრესიის გაუარესება შეუძლია

0 კომენტარი

ასზე მეტ ადამიანზე ჩატარებული ტვინის კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვობაში გადატანილი ძალადობა კავშირშია ტვინის სტრუქტურის ცვლილებასთან, რომელსაც ზრდასრულობაში დეპრესიის გამწვავება შეუძლია.

აქამდე ჩატარებული კვლევების ნაწილი მიუთითებდა კავშირზე, ტრავმასა და ტვინის შეცვლილ სტრუქტურას შორის მაშინ, როცა სხვა კვლევები აჩვენებს კავშირს ცუდად მოპყრობასა და მძიმე დეპრესიას შორის. ეს კვლევა პირველია, რომელმაც ტრავმულ გამოცდილებას, ტვინის სტრუქტურის ცვლილებასა და დეპრესიის კლინიკურ მიმდინარეობას შორის პირდაპირი კავშირი დაადგინა.

მიუნსტერის უნივერსიტეტის მკვლევარარმა, ნილს ოპელმა კოლეგებთან ერთად 18-60 წლამდე, 110 დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანის ტვინს სკანირება  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით გაუკეთა, შემდეგ კი პაციენტებს ჰკითხეს ყოფილან თუ არა ბავშვობაში სექსუალური, ფიზიკური ან ემოციური ძალადობის მსხვერპლნი.

სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, ვინც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა, უფრო პატარა კუნძულოვანი ქერქი ჰქონდათ. კუნძულოვანი ქერქი არის ტვინის რეგიონი, რომელიც ემოციების და თვითცნობიერების რეგულაციაში მონაწილეობს.

"ჩვენი მიგნებები, მეტ დამაჯერებლობას მატებს მტკიცებას, რომ კლინიკური დეპრესიის მქონე პაციენტები, რომლებსაც ბავშვობაში ცუდად ეპყრობოდნენ, კლინიკურად განსხვავდებიან იმავე დიაგნოზის პაციენტებისგან, რომლებზეც ბავშვობაში არ ძალადობდნენ." - ამბობს დოქტორ ოპელი.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლევაში მონაწილეთაგან 75-ს დეპრესიის შეტევა გაუმეორდა. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ რეციდივი უფრო ხშირი ისეთ პაციენტებში იყო, რომლებსაც ბავშვობის ტრავმა და პატარა კუნძულოვანი ქერქი ჰქონდათ.

ოპელის თქმით: “ეს ყველაფერი გარკვეულ მექანიზმზე მიუთითებს: ბავშვობის ტრამვა იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებს, ისინი კი დეპრესიის რეციდივს და ცუდ შედეგებს.”

კვლევის თანახმად, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლ პაციენტებს, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან, სპეციფიკური მკურნალობა შესაძლოა დასჭირდეთ. ოპელის თქმით, ტვინში ცვლილებები შექცევადია და გუნდი გეგმავს ასეთი ადამიანებისათვის მკურნალობის შესაფერისი მეთოდის პოვნას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები