პარლამენტარების ხელფასები

რომან კაკულია: პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას სურს, რომ პარლამენტის დეპუტატების ხელფასი გაიზარდოს. კაკულიამ ჟურნალისტებს ამის შესახებ 25 მარტს განუცხადა.

“მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის, რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ ზოგადად, ადეკვატურობაზე, პასუხისმგებლობის და ზოგადად საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე. ვისაც არ შეუძლია პარლამენტარის ხელფასების გაზრდაზე საუბარი იმიტომ, რომ რაღაც მოტივაციები აწუხებს - მე მათ რიგში არ ვარ, მე ვსაუბრობ, რომ პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს და ამ შემთხვევაში მაშინ ესეც არ არის რელევანტური.” - ამბობს კაკულია.

რომან კაკულია ამით გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საპენსიო სააგენტო თავისი საინვესტიციო საბჭოს წევრებს წელიწადში 60 ათას აშშ დოლარამდე ოდენობის ხელფასს შესთავაზებს.

“საბჭოს წევრს არ უნდა ჰქონდეს მაშინ ეს ხელფასი და მაშინ აქაც უფრო რელევანტურები ვიყოთ.” - აცხადებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

დღეისათვის, რიგითი პარლამენტარის შრომის ანაზღაურება 4 623 ლარს შეადგენს. ხელფასები იმატებს თანამდებობის რანგის ზრდასთან ერთად. ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. მისი შრომის ანაზღაურება 6 738 ლარს შეადგენს.

კომენტარები