ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე: ამ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

"ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ვანო მერაბიშვილს გაათავისუფლებენ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ე.წ უდოს კომისიამ უკანონოდ იმავე შინაარსის გადაწყვეტილება მიიღოს" - ასე აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატი, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთარ კახიძე იმას, რომ ე.წ უდოს კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მსჯელობა ხელახლა მოუწევს. 

დღეს, 25 მარტს 15:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების 1-თვიანი ვადა ამოეწურა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ გააუქმა ე.წ უდოს კომისიის გადაწყვეტილება მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. 

ტაბულამ ოთარ კახიძეს ჰკითხა, ხომ არ არის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სააპელაციო სასამართლოში არგასაჩივრება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ნოემბერში გაკეთებული განცხადებით გამოწვეული. 

კახიძე ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას ისეთი დავალებები მისცა, რომელთა შესრულებაც მათ ძალიან გაუჭირდებათ და, შესაძლოა, მერაბიშვილის გათავისუფლება მათთვის ერთერთი გამოსავალი იყოს. 

"ეს შეიძლება ასეც მოხდეს, მე არ გამოვრიცხავ, თუმცა მაინც საბჭომ უნდა იმსჯელოს და თუ ამგვარი დავალება, ამგვარი პოლიტიკური დაკვეთა იქნება, ეს საბჭო დამოუკიდებლად არ მოქმედებს და, შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად და სრულიად უკანონოდ გაუგრძელოს მერაბიშვილს პატიმრობა. ქართული ოცნების პირობებში ამის გამორიცხვა რთულია," - ამბობს ოტარ კახიძე. 

დეპუტატის თქმითვე, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ საბჭო მართლაც მიიღებს მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, მისი თქმით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ამის მაგალითად მას 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძის საქმე მოჰყავს, რომელმაც თეა წულუკიანს უზენაეს სასამართლოში დავა 2-ჯერ მოუგო, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ აღასრულა უწყებამ, რაც ახობაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. 

"თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლება, როგორც ჩანს, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ არის და მას რაღაც გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალში აუცილებლად მოუწევს,"- განმარტავს კახიძე. 

ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წელის 20 თებერვალს ეწურება. მისი პატიმრობის დამთავრებამდე 1 წელზე ნაკლები დრო დარჩა. 

"ამიტომ, მისი გათავისუფლების შემთხვევაშიც ეს მთავრობის მხრიდან სახის შენარჩუნებისა და იმის მცდელობა იქნება, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე რაღაც არგუმენტი წარადგინოს, რომ აი, გაათავისუფლეს მერაბიშვილი,"- ამბობს ოთარ კახიძე. 

იუსტიციის სამინისტროს 1 თვე ჰქონდა, რათა საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. წულუკიანის უწყებამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ე.წ უდოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოდ ცნო. ცნობისთვის, კომისია ვეღარ გამოიყენებს იმ საფუძვლებს, რითიც მერაბიშვილს აქამდე ეთქვა უარი და მას ახალი სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა მოუწევს. 

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შემდგომში წულუკიანის უწყების მხრიდან მის არგასაჩივრებას წინ უძღოდა ვანო მერაბიშვილზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, ხელახლა გამოეძიებინათ ვანო მერაბიშვილის საქმე. მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩიავიაშვილი ამბობს, რომ კომისიას ვადა 5 აპრილამდე აქვს. 

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

2018 წლის 6 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები