მკვლელობა ხადას ხეობაში

სმიტების ოჯახის მკვლელობა - ნაფიცმა მსჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს. პროკურორის ცნობით, სასჯელის ზომას სასამართლო 27 მარტს განსაზღვრავს.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსაჯულებმა კობაურს გამამართლებელი ვერდიქტი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლში გამოუტანეს.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლული იყო - კაცი და ბავშვი, ხოლო ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედებოდა არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა.

კომენტარები