მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

კახაძე: შავგულიძეს კი აქვს ძლიერი მუხლები, მაგრამ სასტარტო პირობები ჩემთვის უფრო იოლია

"არასდროს პედესტალის მეორე საფეხურზე არ ვმდგარვარ. შალვა შავგულიძეს მივესალმები. შალვას კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ ბევრი სიმძიმის ტარება მოუწევს. ამიტომ, სასტარტო პირობები შალვასთან შედარებით, ჩემთვის უფრო იოლია", - თქვა, პალიტრანიუსის გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი", მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ შალვა შავგულიძეზე, რომელიც ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატად წარადგინეს.

ცნობისთვის, ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016 წელს პაატა ბურჭულაძის ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სახელით მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატად იყარა კენჭი. გასულ არჩევნებზე მან მხოლოდ 618 ხმა (2.65%) მიიღო. შედარებისთვის, გრიგოლ ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან 1002 ხმა მიიღო, ლადო სადღობელაშვილმა, რომელიც კენჭს პატრიოტთა ალიანსის სახელით იყრიდა - 1224 ხმა (5.25%), ხოლო თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა ნიკოლოზ ფრუიძემ 1558 ხმა (6.69%).

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძეა, გირჩის - ჰერმან საბო. ასევე ცნობილია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს კობა დავითაშვილი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. 

კომენტარები