ისრაელი

ისრაელმა ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტების საპასუხოდ საჰაერო დარტყმები განახორციელა

AFP

ისრაელმა გუშინ ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტის საპასუხოდ, რომელიც თელ ავივთან ახლოს, ერთ-ერთ სახლს დაეცა, ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბობმბა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით საჰაერო დარტყმების სამიზნეებს შორის იყო ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ოფისი და ჰამასის სამხედრო შტაბი.

გავრცელებული ინფორმაციით დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიხედვით მათ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში 15 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რასაც წინ უძღოდა ისრაელის მიმართულებით ამ ტერიტორიიდან 30-მდე რაკეტის გასროლა. მათივე თქმით რაკეტების ნაწილი ისრაელის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ნაწილი კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა, შესაბამისად, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტა თელ ავივთან 20 კილომეტრში ერთ-ერთ სახლს დაეცა. დაშავდა 7 ადამიანი. დაშავებულთა შორის 3 ბავშვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ისრაელი ჰამასს ადანაშაულებს. ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა და სათანადო რეაგირების პირობა დადო.

2014 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი მანძილია, რაც ღაზას სექტორიდან გასროლილმა რაკეტამ დაფარა.

მიმდინარე თვის დასაწყისში თელ ავივის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ორი რაკეტა გაისროლეს, თუმცა მაშინ არავინ დაშავებულა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის შემდეგ ისრაელში საყოველთაო არჩევნები გაიმართება.

კომენტარები