ქურდული სამყარო

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. უწყების ინფორმაციითვე, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, დაკავებულები არიან კრიმინალური ავტორიტეტები - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული რ.ღ.. მათ მიერ ჩადენილი

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან - აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით", ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა," - წერია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული საკუთარ სახლებში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი - „აკ-74“-ის მოდელის ავტომატი და "არალის" მოდელის პისტოლეტი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით,  2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი", დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით - „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 32 პირი.

კომენტარები