კობახიძე კერზაიას საქმეზე: ISFED-ისგან უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშს, რომლის მიხედვით ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეში პოლიტიკური მოტივის ნიშნები იკვეთება.

"ვერ გეტყვით აქვს თუ არა რაიმე საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას, მაშინ შესაბამისი საფუძველი უნდა იყოს წარმოდგენილი. ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან მიჩვეულივართ უსაფუძვლო განცხადებებს ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს,  ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) დასკვნის მიხედვით, "განათლების სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები".

ISFED-მა შეისწავლა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება. 

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ "მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე აჩენს ეჭვებს". 

ISFED-ის ცნობით, საეჭვო ვადების გარდა, ასევე ბუნდოვანია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების დაწყების საფუძველიც. ამასთან, 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ "არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ". 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები