სოციალური მუშაკების პროტესტი

კილაძეს არ ჰგონია, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო სააგენტოში განსხვავებული სიტუაციაა

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თვლის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ადამიანები განათლებით სოციალური მუშაკები არ არიან, ამიტომაც არ არსებობს განსხვავება 2 კვირის წინანდელ და დღევანდელ ვითარებას შორის, როდესაც გაფიცვის პარალელურად მათ მოვალეობებს სამინისტროს სხვა თანამშრომლები ასრულებენ.  

კილაძემ ეს პარლამენტში, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, ელენე ხოშტარიას კითხვის პასუხად თქვა. 

"ეს არის თავისი შინაარსით და არსით უმნიშვნელოვანესი პროფესია, იმიტომ რომ ყველაზე დაჩაგრული ადამიანების თვითრეალიზაციას და გაძლიერებას ემსახურება და ემსახურება ამით ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას. 

მათი მოთხოვნები არის აბსოლუტურად სამართლიანი და ის პირობები, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ ვისურვებდით მათთვის, თუმცა, არის მეორე გარემოებაც, ეს არის სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და შესაძლებლობები. 

ჩვენ შეხვედეთ ამ რეფორმის შექმნისას, რომ სახელმწიფოს წლევანდელი წლისთვის ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ყველაფერი ერთბაშად გაეკეთებინა, ამიტომ გადაწყდა, რომ კონკრეტული ნაბიჯები 2020 წლიდან გადაიდგას. წლევანდელი წელი ავიღეთ მოსამზადებლად.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ვატარებთ მათი გადამზადების ტრენინგებს და ა.შ, სწორედ იმიტომ, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც დღეს სოციალურ მუშაკად არის დასაქმებული, არ არის პროფესიით სოციალური მუშაკი. 

სიმართლე გითხრათ, არ მგონია, დიდი განსხვავება იყოს დღევანდელ სიტუაციას - ანუ იმას, რომ დღეს სხვა პროფესიის ადამიანები ასრულებენ ან სამუშაოს -  და ორი კვირის წინანდელ მდგომარეობას შორის, რადგან დიდი ნაწილი სოციალური მუშაკებისა არ არის განათლებით სოციალური მუშაკი და ეს ხარვეზი გვინდა, აღმოვფხვრათ იმით, რომ დავიწყოთ სერტიფიცირება.

ამ სფეროში არის უამრავი ხარვეზი. იმისთვის, რომ ჩვენი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფები საზოგადოების გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე და დავიცვათ, უნდა დავიცვათ პირველ რიგში სოციალური მუშაკები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. 

მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ აქ არის კონსენსუსის ლუფტი და ამ საკითხებზე შევჯერდებით, რათა მათი ინტერესიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ იყოს სახელმწიფოს ინტერესებიც დაცული იმ კუთხით, რომ ნამდვილად, დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი, სამწუხაროდ. 

მაგრამ როდესაც წელს შემოვა ბიუჯეტის პროექტი, ამ პროექტში უფრო მეტს მოვითხოვთ სწორედ ამ მიმართულებით", - თქვა სოფო კილაძემ. 

სოციალური მუშაკები უკვე მეორე დღეა, გაფიცულები არიან. 

პროტესტის უკიდურეს ზომებს მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 

სოციალური მუშაკები სისტემის ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, რათა ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურების გაწევა შეძლონ. გაფიცულია საქართველოს მასშტაბით ყველა სერვის-ცენტრის ყველა სოციალური მუშაკი.

თუმცა, მინისტრ სერგეენკოს თქმით, სააგენტო შეუფერხებლად მუშაობს, რადგან სოციალური მუშაკების ფუნქციებს უწყების სხვა თანამშრომლები ასრულებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები