თეთრი ტაქსები

თეთრად შეღებილ ტაქსებს მანათობელი უფასოდ გადაეცემათ - მერიის საჩუქარი მძღოლებს

თბილისის მერის ინფორმაციით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მანათობელი უფასოდ გადაეცემათ.

მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი განმარტებით, მანათობელს რამდენიმე ფუნქცია აქვს - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

თბილისის მერმა ასევე თქვა, რომ უკვე არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც მანათობლებს დაამზადებს - "აითიჯი ჯორჯია".

დღეს თბილისის მერმა ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, არის ორი ლიცენცია - A და B. B კატეგორიის ლიცენზიის მფლობელ მძღოლებს ტაქსის გადაღებვის და მანათობლის დაყენების ვალდებულება არ აქვთ. კალაძის თქმით, მათ შესაძლებლობა აქვთ, "ტაქსიფაის" და "უბერის" სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.

რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, ისინი ვალდებულნი არიან ტაქსები თეთრად გადაღებონ, რაც მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება.

"A კატეგორიის ტაქსის მძღოლს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ პრივილეგია - ქალაქში მათთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება", - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები