სოციალური მუშაკების პროტესტი

სამინისტრო: სოც. მუშაკების მოთხოვნების შესრულება დავიწყეთ, ნაწილზე სამოქმედო გეგმა გვაქვს

ტაბულა

ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამინისტრო ამბობს, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესრულება დაწყებულია. 

კერძოდ, უწყების განცხადებით:

"ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით სარგებლობენ.

თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება 12 იურისტი. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე.

ასევე იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე.

უკვე დამტკიცდა ბრძანება "სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე გათავისუფლებულები არიან.

დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და  ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში", - წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას სახელით გაავრცელა. 

უწყება ასევე აცხადებს, რომ სოც. მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, ბენეფიციარების მომსახურება შეუფერხებლად ხდება. 

სოციალური მუშაკები უწყების პასუხად საერთო განცხადების გავრცელებას გეგმავენ. 

ისინი უკვე მესამე დღეა, გაფიცულები არიან. 

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც უწყებასთან მოლაპარაკებების თვენახევრიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულია საქართველოს მასშტაბით ყველა სოციალური მუშაკი. 

როგორც ისინი ამბობენ, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: 

ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. 

დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. 

ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. 

ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. 

კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. 

ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს  680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. 

სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები