პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

COUNCIL OF EUROPE

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთვისთვის არასრულწლოვანი დააკავა. 

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა თქვა. მისივე ინფორმაციით, "ამ ეტაპზე, ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება".

მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ დაკავებული მოზარდი დანაშაულს აღიარებს.

"სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა, უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია, აღიარებს ამ ქმედებას. რაც შეეხება ინტერესს, არანაირი პირადი თემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა იუთუბზე. ამ ეტაპზე, ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება", - თქვა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის აზრით, სამწუხაროა მოწოდებები, რომ "რაღაც ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს" და გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ატვირთვა.

"რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვაკისრია ჩვენი ვალდებულებები, რომ დანაშაული როგორც კი მოხდება, დროულად აღვკვეთოთ. ეს გავაკეთეთ, გამოვავლინეთ. ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ. სამწუხაროა, რომ ხშირად ისმის საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან და მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მოწოდებები, რომ თითქოს რაღაც ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს. რომ თითქოს გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ატვირთვა და ა.შ. ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვიზიარებთ, მაგრამ ამ ადამიანებმაც კარგად უნდ გააცნობიერონ და საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვან, რომ როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის ჩადენის წამახალისებელი. მოზარდი გვყავს ახლა ამ საქმეზე დაკავებული, ამ ატვირთვის ფაქტზე. ვთხოვ ყველას, რომ ასეთი მოწოდებებისგან თავი შეიკავონ. დანაშაულია გავრცელებაც, შენახვაც, გადაგზავნაცატვირთვაც და ისჯება. როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას. გამოძიება გრძელდება. ამ საქმის ფარგლებში გამოძიება უკვე გავიდა ერთ ატვირთავზე. დადგენილია ვინაობა, ამოღებულია მობილური ტელეფონი და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა. ალბათ უახლოეს კვირაში ექსპერტიზა ჩაუტარდება, გვექნება შედეგები და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ერთერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეო დაახლოებით ორი კვირის წინ არის ატვირთული და 5000-ზე მეტი ნახვა აქვს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ამის შესახებ შსს-ს აცნობეს და ვიდეო დაარეპორტეს, სოციალური ქსელიდან ვიდეო აიღეს.

კომენტარები