ჩრდილოეთ კორეა

მადრიდში ჩრდ. კორეის საელჩოში შეჭრაზე პასუხისმგებლობა ჩონრიმას დაცვის ჯგუფმა აიღო

Google maps

მადრიდში ჩრდილოეთ კორეის საელჩოზე გასულ თვეს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჩონრიმას სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფმა აიღო.

ჯგუფი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების და კიმ ჩენ ინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.

მათ საელჩოდან კომპიუტერები, ტელეფონები და მყარი დისკები წაიღეს. ისინი უარყოფენ, რომ 22 თებერვლის ინციდენტისას ძალის გამოყენება მოხდა და ამბობენ, რომ ეს თავდასხმა არ იყო.

ჯგუფი მათი ქმედების მიზანს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობენ, რომ ეს "მადრიდის საელჩოში არსებულ საგანგაშო სიტუაციაზე პასუხი იყო." ისინი ამბობენ, რომ აშშ-ის გამოძიების ცენტრალურ ბიუროს (FBI) მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეს.

ესპანეთის სასამართლომ მიიჩნია, რომ ათმა თავდამსხმელმა საელჩოს თანამშრომლები დააბა, სცემა და დაკითხა. გამოძიების მიხედვით ჯგუფის წევრებმა საელჩოში 22 თებერვალს, მადრიდის დროით 16:34 საათზე შეაღწიეს და ტერიტორია 21:40-ზე დატოვეს.

თავდაპირველად შენობაში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შევიდა, რომელსაც სავაჭრო საქმეების ატაშესთან სურდა შეხვედრა და ირწმუნებოდა, რომ მასთან ბიზნესის საკითხებზე განხილვა წარსულშიც ჰქონია. ამის შემდეგ შენობაში სხვა წევრებიც შეიჭრნენ. მათ ატაშეს მოსთხოვეს განდგომოდა კიმ ჩენ ინს და უარის შემდეგ შენობის სარდაფში ჩაკეტეს.

ჯგუფს საელჩოს თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ერთ-ერთმა ქალმა გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თანამშრომლების ფორმაში გადაცმულმა ჯგუფის წევრებმა უთხრეს, რომ საელჩოში უჩვეულო არაფერი ხდებოდა.

მათ საელჩოს შენობა დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანებით დატოვეს და პორტუგალიაში გადავიდნენ.

ჯგუფმა საკუთარ გვერდზე ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ საელჩოს შენობაში კიმ ჩენ ინის და მისი წინამორბედების პორტრეტებს ამსხვრევენ.

ჩონრიმას სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მათ ხელი შეუწყვეს კიმ ჩენ ინის ნახევარძმის შვილს კიმ ჰან-სოლს მაკაუდან გაქცეულიყო. კიმ ჯონგ-ნამი, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა მალაიზიის აეროპორტში 2017 წელს მოკლეს.

ესპანური მედიის მიხედვით ჯგუფის ზოგიერთ წევრს აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან აქვს კავშირი. აშშ მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფს.

ვარაუდობენ, რომ ჯგუფს მადრიდში ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ელჩის, კიმ ჰიოკ-ჩოლის შესახებ სურდათ ინფორმაცია, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობს და ვიეტნამის სამიტის ორგანიზებაშიც იყო ჩართული.

ჰანოიში სამიტი საელჩოზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 27-28 თებერვალს გაიმართა, სადაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულის განიარაღებისათვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა იონბიონის ბირთვული კვლევის ცენტრის დახურვის სანაცვლოდ სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. მისი აზრით ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესში საკმარისი პროგრესი არაა იმისათვის, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნებს დათანხმებოდა.

ამის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციებიც დაუწესდეს.

კომენტარები