ოლე გუნარ სოლსკიაერი მანჩესტერში

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე გუნარ სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ 3 წელიწადი დარჩება. "წითელი ეშმაკების" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა მას სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.

"აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მანჩესტერის ფეხბურთელობა დიდი პატივი იყო და ახლა აქ სამწვრთნელო კარიერას ვიწყებ. ბოლო თვეების გამოცდილება შესანიშნავი იყო. ამ სამუშაოზე ყოველთვის ვოცნებობდი და იმედია, გუნდის სათავეში კიდევ დიდ ხანს ვიქნები. ჩვენი გულშემატკივრები წარმატებას იმსახურებენ", - განაცხადა სოლსკიაერმა.

ამ დრომდე ის გუნდის დროებითი მენეჯერი იყო. 

45 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე დეკემბრიდან, მას შემდეგ მუშაობს, რაც კლუბი ჟოზე მაურინიომ დატოვა. 

სულშერი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 11 სეზონი თამაშობდა და 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარულ ფინალში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ გამარჯვების გოლიც გაიტანა. 

2018 წლის დეკემბერში, როცა სულშერმა გუნდი ჩაიბარა, მას პრემიერ ლიგის პირველ ოთხეულამდე 11 ქულა აშორებდა. მას შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედი 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა - ლონდონის არსენალთან და ახლა მას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. 

სულშერი მანჩესტერ იუნაიტედის პირველი მწვთნელია, რომელმაც ლიგის თავისი პირველი 6 თამაში მოიგო. ამით მან სერ მეთ ბასბის რეკორდი გააუმჯობესა. 

მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის შემდეგ პირველად მიაღწია მეოთხედფინალურ ეტაპს. ბოლო მატჩში გუნდმა პარიზ სენ ჟერმენი დაამარცხა. 

კომენტარები