მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: მოვისმინეთ ახალი ფეიქნიუსები, თითქოს საქართველო დასავლეთის დღეს წესრიგში არ არის

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

მამუკა ბახტაძის თქმით, "ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი "ფეიქ ნიუსები" უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, თითქოს საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღეს წესრიგში და თითქოს ჩვენ გავქრით რადარებიდან". 

პრემიერმინისტრმა ეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, როდესაც ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. 

ბახტაძის თქმით: 

"საქართველოს სტუმრობდა ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი ვიზიტი გახლდათ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენი ერის მისწრაფებებს, რეფორმათა პაკეტს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ალიანსში გაწევრიანების გზაზე და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში.

გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ამის პარალელურად ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი "ფეიქ ნიუსები" უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, თითქოს საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღეს წესრიგში და თითქოს ჩვენ გავქრით რადარებიდან. მე არ ვაპირებ გავაკეთო ამ განცხადების სერიოზული შეფასება. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო რამდენიმე დღის ქრონოლოგია: იმის პარალელურად, რომ საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო სწავლებებს და ეს არის პირველი შემთხვევა ნატოს პრაქტიკაში, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანას მიეცა უფლება, უხელმძღვანელოს ასეთ სწავლებებს და ის იყოს ხელმძღვანელი დაგეგმვის პროცესიდან მის აღსრულებამდე. პარალელურად, საქართველოს ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი და ეს არის კომიტეტის რიგით მესამე ვიზიტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ძლიერი და მზარდი თანამშრომლობის გზაზე", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 2-წლისთავის შესახებ დაი ეს საქართველოს ისტორიული გამარჯვებად შეაფასა. 

შემდეგ კი სიტყვა "ფეიქნიუსი" კიდევ ერთხელ ახსენა: 

„მე ჩამოვთვალე რამდენიმე დღის ქრონოლოგია, რომელიც ეხებოდა ჩვენს საგარეო პოლიტიკას და საერთაშორისო მისწრაფებებს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ როგორ მოქმედებს სიცრუის მანქანა, ე.წ. "ფეიქნიუსები". რაზეც მე ვისაუბრე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველაფერზე, ნებისმიერ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ჯანსაღად შეაფასებს ასეთი უპასუხისმგებლო ძალების განცხადებებს, რომლებიც ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ერთგულნი არიან ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების, რომ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად აკეთებენ ასეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, თითქოს საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ტყუილი. საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. საქართველო ევროპულ ოჯახთან არასოდეს ყოფილა ასე ახლოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ეს არის კონკრეტული ფაქტები და ამას ყველა უნდა შეეგუოს". 

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტით ნატოს საიუბილეო მინისტერიალამდე ერთი კვირით ადრე, 24-25 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტთან ერთად იმყოფებოდა. 

ისინი ნატოს სწავლების კონტროლის ცენტრში იმყოფებოდნენ. სტოლტენბერგი ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება და მასში 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს. 

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესაც

რუსთავი 2--თან ინტერვიუში კი თქვა, რომ "არასდროს დაუშვებს, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაბლოკოს".  

კომენტარები