გიორგი ვოლსკი

ვოლსკი ქურდობაზე: ძველი ამბავია, არ მახსოვდა და შემეშინდა, დედაჩემს დავურეკე რა ხდება-მეთქი

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ვოლსკი ტაბულასთან ამბობს, რომ მისი სახლის შუშა დაახლოებით თვენახევრის წინ ჩაამტვრიეს და არც იმაშია დარწმუნებული, რომ რამე წაიღეს.

დეპუტატი განმარტავს, რომ არჩილ თალაკვაძის სახლის გაქურდვის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს მისი სახლში გაქურდვის შესახებაც, რაზეც უპასუხა, რომ სოფელ ახატანში მდებარე მის სახლში ფანჯარა გატეხეს და შესაძლოა, სახრახნისი წაიღეს, რომელსაც "ცემენტიანი სახელური ჰქონდა".

"მაშინვე განვმარტე კარგად, რომ სახლიდან პრინციპში წასაღები არ არის არაფერი, 15 წლის მანძილზე სამწუხაროდ, იქ ვერ მოვახერხე ისეთი პირობების შექმნა, რომ გასაძარცვი იყოს. თუმცა, შეღწევა საკმაოდ რთულია. ავუხსენი, რომ ფანჯარა იყო ჩატეხილი. ფანჯრის რაფაზე რაღაცა იდო, სახრახნისი თუ არ იდო, ეგეც არ მახსოვს, ამიტომ ვერ დავარქმევ ამას ძარცვას. გამოხდა ხანი და ვიღაცას ეს თემა რაღაცა სკანდალური პოლიტიკური მიზნისთვის დასჭირდა", - ყვება ვოლსკი ტაბულასთან.

მისივე თქმით, დღეს სწორედ ამ ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა როცა მედიით ეს გაიგო, თავდაპირველად ვერ მიხვდა და შეეშინდა. დეპუტატის თქმით, გადაამოწმა და მისი სახლი ნამდვილად არ გაუქურდავთ.

"დღეს რომ მითხრეს, ძალიან შემეშინდა, მართალი გითხრათ. არც მახსოვდა, რომ ამ თემაზე ჩვენ საერთოდ საკითხის განხილვა გვქონდა. მეგონა დღეს მოხდა რაღაცა და დედაჩემს დავურეკე, რა ხდება მეთქი, რომელი სახლი, სად... მერე მომაგონდა, რომ ამ თემაზე საუბარი იყო თვენახევარია უკვე. გავარკვიე და დავმშვიდდი რა. [...] ასე აქციეს ჩატეხილი ფანჯრის თემა ძარცვის შესახებ მოთხრობად", - ამბობს დეპუტატი.

გიორგი ვოლსკი ასევე საუბრობს იმაზე, რატომ არ მიმართა პოლიციას. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ ნამდვილად ძარცვა იყო.

"იცით როგორი რამეა? ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, მაღალჩინოსანი... ფანჯარა ჩატეხილია, იქ პოლიციას რაღაცა უთხრა, როცა არ ხარ დარწმუნებული, რომ ძარცვასთან არის საქმე... იქ ვერაფერს მოიპარავდნენ... რაღაც ისე გამოდის რა, სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავიყენე თავი", - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი.

გიორგი ვოლსკი საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზეც და აღნიშნავს, რომ მძიმე დანაშაულები შემცირებულია და გაზრდილია გახსნის ფაქტები, თუმცა ქონების ხელყოფის კუთხით მატება არის. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში დანაშაულის სტატისტიკის ზრდა გამოიწვია მიმართვიანობის გაზრდამ და იმან, რომ "ბევრი ახალი საკითხი წამოვიდა, რასაც პოლიცია ყურადღებას აქცევს".

ცნობისთვის, მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ, დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. შსს ამას არ ადასტურებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგანსაქმეთა სამინისტრო არც ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვას არ ადასტურებდა, თუმცა, 28 მარტს განაცხადა, რომ საქმე გახსნეს და ბრალდებული დააკავეს.

მიმდინარე თვეში გაქურდეს დეპუტატ არჩილ სალაკვაძის სახლიც. პოლიტიკოსების გაქურდვასთან დაკავშირებით, პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ "პრივილეგირებული არავინ არის".

კომენტარები