ვენესუელა

ნიკოლას მადურო ვენესეულაში ელექტროენერგიის გათიშვაში ამერიკელ სნაიპერებს ადანაშაულებს

AFP

ვენესუელის დიდ ნაწილს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. ნიკოლას მადუროს თქმით ეს აშშ-ის მიერ დაქირავებული სნაიპერის ბრალია და მოსახლეობას ლოცვისაკენ მოუწოდა.

"მათ კარგად იცოდნენ რაზე მიჰქონდათ შეტევა..მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკულ იმპერიას აქვს საკმარისი სიძულვილი, ბოროტება და გარყვნილება, რომ ასეთი თავდასხმა შეუკვეთოს. რადგან მათ ქვეყანაში პირდაპირ შემოჭრა არ შუძლიათ, მათ გადაწყვიტეს დაგვაზიანონ... ეს იყო დაბომბვა მტრის მიერ და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამაში დონალდ ტრამპის ხელი ურევია." თქვა მადურომ.

ტრამპთან ერთად მადურო ხუან გუაიდოსაც ადანაშაულებს, რომელსაც საკონტროლო-ფინანსურმა სამსახურმა, რომელსაც მადუროს მოკავშირე მართავს, საჯარო თანამდებობის დაკავება 15 წლით აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის უმეტეს ნაწილს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება მიმდინარე თვის დასაწყისშიც შეუწყდა და ეს თითქმის ერთ კვირას გაგრძელდა.

მადურომ ოპოზიცია და აშშ დაადანაშაულა, რასაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა:

"ელექტროენერგიის გათიშვა ვენესუელის მოქალაქეებს ვნებს და ეს აშშ-ის ბრალი არ არის. ეს კოლუმბიის ბრალი არ არის. ეს ეკვადორის ან ბრაზილიის, ევროპის ან სხვა რეგიონის ბრალი არ არის. ელექტროენერგიის შეზღუდვა და შიმშილობა მადუროს რეჟიმის არაკომპეტენტურობის ბრალია." დაწერა მან.

ვენესუელა ელექტროენერგიას ნავთობის ნაცვლად ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებიდან იღებს, თუმცა მათ უმეტესობას რენოვაცია სჭირდება და ინვესტიციის არარასებობის გამო ელექტროენერგიის შეზღუდვა ბოლო წლებში ხშირი მოვლენაა.

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ამასთანავე, ნიკოლას მადურო უარს ამბობს ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე და მის დასაბლოკად კოლუმბიასთან და ბრაზილიასთან საზღვრებიც კი ჩაკეტა. ის ამბობს, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა. ვენესუელაში ჩავიდა 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავიც.

კომენტარები