შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინეს. დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ი.ი-ს ბრალად "საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა" ედება.
"ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების შემოტანა გადაწყვიტა.
ი.ი.-მ და მისმა თანამზრახველებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადამზიდავი კომპანია საქართველოს ფოსტის მეშვეობით, ნაცნობის სახელზე საქართველოში გამოაგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელშიც, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.ი. თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს" - აცხადებს შსს.
პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, მათ შორის 7 კომპლექტი არის „გლოკი 19“-ის მოდელის პისტოლეტის, 9 კომპლექტი კი - „გლოკი 17 გან-4“-ის მოდელის პისტოლეტის ნაწილები.
"თბილისში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია გლოკის 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი.
აგრეთვე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულს თანამზრახველებთან ერთად საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა" - აცხადებს შსს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდება 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.