ეკონომიკური ზრდა

საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა

Reuters

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, თებერვალში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.6%-ითაა გაზრდილი.

იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა 4.1%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის დარგში კლება შეინიშნებოდა. ზრდას ჰქონდა ადგილი დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში და უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში.

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით მომატებულია. ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.1%-ით.

იანვარში იმპორტმა 592 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თებერვალში კი 642.8 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, ჯამში იანვარში საქართველოდან 238.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, თებერვალში კი 266.3 მლნ აშშ დოლარის.

მიმდინარე წელს მთავრობა 4.5%-იანი წლიური ზრდის მიღწევას გეგმავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წელს 4.8%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა.

კომენტარები