პოლიტიკოსების სახლების გაქურდვა

წილოსანი: პოლიტიკოსების სახლების გაქურდვის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ვინც პოლიტიკოსების სახლების გაქურდვის "წახალისებას" ხელს უწყობს, "ოდესღაც" თავადაც გახდება მსხვერპლი. ის Facebook-ში გავრცელებულ ჰეშთეგს გამოეხმაურა - #გაქურდეთანამდებობის პირისსახლი.

"მიუხედავად იმისა, ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები (იხ.დანართი) მარტივ ლოგიკა/კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ - ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინც ამას ორკესტრირებულად აკეთებს, აუცილებლად, თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც... დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა" - წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გაქურდეს დეპუტატ არჩილ თალაკვაძის და ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახლები. ასევე, ცნობილი გახდა, რომ იქამდე, დეპუტატ გია ვოლსკის სახლი გატეხეს, თუმცა, პოლიტიკოსი ამბობს, რომ "შეიძლება, ქვა არის ნასროლი, ან შეიძლება ბავშვმა ჩატეხა ფანჯარა, ღიაა იქ ეზოს კარიც და ადვილია და ამის გამო განცხადებების წერა და პოლიციის ფეხზე დაყენება ამპარტავნულად მომეჩვენა". 

პოლიტიკოსების სახლების გაქურდვის შესახებ საქართველოს პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ "პრივილეგირებული არავინ არის".

კომენტარები