ამერიკა

ტრამპი: არჩევნებში დამარცხებულები ძალაუფლების დაუფლებას არალეგალურად ცდილობდნენ

SCMP

მალერის გამოძიების დასრულების შემდეგ 28 მარტს ტრამპმა მიჩიგანში გამოსვლისას გამოძიების მხარდამჭერები 2016 წლის არჩევნების შედეგების შეცვლასა და არალეგალურად ძალაუფლების დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა.

მიჩიგანში ათასობით ადამიანთან წამრმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა ტრამპა აღნიშნა, რომ სამწლიანი ტყუილებისა და ცილისწამების შემდეგ რუსული ჭორი აღარ არსებობს.

“სპეციალურმა საბჭომ დაასრულა თავისი ანგარიში, შეთქმულება და ობსტრუქცია კი ვერ ნახა... შემეძლო ეს ორ წელიწადნახევრის წინ მეთქვა,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, შეთქმულება და ბოდვა დასრულებულია, რუსეთის თემა კი არჩევნებში წაგებულების გეგმა იყო, რომლებიც არალეგალურად ცდილობდნენ ძალაუფლების დაუფლებას.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა კონგრესს რობერტ მალერის  სპეციალური გამოძიების ანგარიშის შინაარსი გააცნო. მისი თქმით ანგარიშში არ არის იმის მტკიცებულება, რომ დონალდ ტრამპის კამპანიას 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთთან საიდუმლო კავშირები ჰქონდა.

რობერტ მალერის გამოძიება ორი წელია მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს. მათ შორისაა ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. სტოუნს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება, ხოლო მანაფორტს თაღლითობა და გადასახადებისათვის თავის არიდება.

წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსების თაობაზე კანონის დარღვევა და ტრამპის საყვარლებისათვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდა აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმაც.

თუმცა, ეს ბრალდებები რუსეთთან ტრამპის კამპანიის კავშირებს არ უკავშირდება.

უილიამ ბარის თქმით მალერის ანგარიში რედაქტირების შემდეგ გასაჯაროვდება.

 

კომენტარები