ჩინეთი

ჩინეთი ყაზახეთს მუსლიმების "დერადიკალიზაციის" მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

REUTERS

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ყაზახეთს მადლობას უხდის ჩინეთის დასავლეთ პროვინციის სინძიანის სადავო "დერადიკალიზაციის" პროგრამის მხარდაჭერისთვის.

28 მარტს პეკინში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბეიბუტ ატამკულოვთან შეხვედრისას მინისტრმა იმ თქვა, რომ დერადიკალიზაციისთვის ჩინეთის მიერ მიღებული ზომები ძალიან ეფექტურია და სხვა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ ჩინეთის მაგალითს.

მინისტრმა იმ აღნიშნა, რომ ჩინეთის ნაბიჯები არამხოლოდ ადგილობრივთა უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავს, არამედ რეგიონალური სტაბილურობა და მშვიდობაც მოაქვს.

“ჩვენ ვაფასებთ ყაზახეთის მთავრობის მხარდაჭერას და არავის არასდროს მივცემთ უფლებას დააზარალოს ჩინეთისა და ყაზახეთის მეგობრობა და ურთიერთგაგება,” - აღნიშნა იმ.

ვანგ იმ აღნიშნა, რომ ჩინეთმა და ყაზახეთმა უნდა გააძლიერონ თავიანთი კავშირი ადამიანის უფლებების სფეროში, ადამიანებმა კი არ უნდა სცადონ პრობლემის “პოლიტიზირება”.

მხარეები  ჩინეთში დაკავებული ჩინეთისა და ყაზახეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ათეული პირის გათავისუფლებაზეც შეთანხმდნენ.

ჩინეთის სინძიანის პროვინციაში უიღურების შემდეგ მუსლიმი ყაზახები მეორე ყველაზე დიდი ეთიკური ჯგუფია.

ჩინეთი მეზობელი ყაზახეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, სადაც სახელმწიფო პირები და სახელმწიფოს კონტროლირებადი მედია თავს არიდებს ჩინეთის ბანაკების პრობლემაზე საუბარს.

მარტში ყახაზეთის პოლიციამ დააკავა ჩინეთში დაბადებული ყაზახი აქტივისტი, რომელიც ჩინეთში დატყვევებულ ყაზახებს უჭერდა მხარს.

გასულ თვეებში ყაზახეთში, ყირგიზეთსა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სუბიექტში თათრეთში მუსლიმებისთვის ჩინეთის ბანაკების საწინააღმდეგო საპროტესო აქციები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით, ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

გაეროს ანგარიშის ინფორმაციით, ბანაკებში დაახლოებით მილიონი ადამიანია დატყვევებული.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფასა და კომუნისტური პარტიისთვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

კომენტარები