საზღვრის კვეთის სტატისტიკა

თებერვალში საქართველოში ირანის 564, ინდოეთის 428, ხოლო რუსეთის 51 მოქალაქე არ შემოუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ირანის 564, ინდოეთის 428, თურქეთის 102, აზერბაიჯანის 141, ხოლო რუსეთის - 51 მოქალაქე არ შემოუშვეს.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, საქართველოდან ირანის 4 მოქალაქე გააძევეს. სტატისტიკის მიხედვითვე, ირანის 232-მა მოქალაქემ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დაარღვია. აღსანიშნავია, რომ ირანში შესვლაზე გასულ თვეში საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის უთქვამთ უარი.

ცნობისთვის, 2018 წლის 10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ თქვა, რომ ირანი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის მიზეზი ირანის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე არშემოშვების გახშირებული ფაქტები გახდა. ამის შემდეგ, 2018 წლის 14 დეკემბერს ორგანიზაციის - "ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში" დაგეგმილი კონფერენცია გადაიდო. ორგანიზაციის პრეზიდენტის მოჰამმად ხალეყის ინფორმაციით, ორი ბიზნესმენი 11 დეკემბერს საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. 

Tansim News Agency-ის ინფორმაციით, თეირანმა სიტუაციის ახსნა მოითხოვა და ქასემისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ იოსებ ჩახვაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 10 თქვა, რომ "ეს მხოლოდ სპეკულაციებია" და ამასთან დაკავშირებით "ერთობლივი ღონისძიებები" ჩატარდება. 

კომენტარები