9 აპრილი

ვინ აფინანსებს "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ხელახალ ჩაწერას, სადაც ქალებს არ ამღერებენ

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის თავზე პირველად, სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ხელახლა ჩაიწერება, თუმცა ქალების გარეშე. როგორც აღმოჩნდა, ეს კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. ის ამბობს, რომ "ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას".

სიმღერის პრემიერა ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტის ფარგლებში შედგება, რომლის ორგანიზატორი გიორგი ტეტიაშვილი და სტუდია "1, 2, 3" არიან. კონცერტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.

ტეტიაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერი თბილისის მერიაა, ხოლო ფინანსური კულტურის სამინისტრო. მისი განმარტებით, კულტურის სამინისტროსგან სიტყვიერი თანხმობა უკვე აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის - უწყებას წერილითაც მიმართა და პასუხს ელოდება.

რაც შეეხება ჯემალ სეფიაშვილის ჰონორარს და სიმღერის "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ხელახალი ჩაწერის ხარჯებს, ამასთან დაკავშირებით კითხვას გიორგი ტეტიაშვილი პასუხს არ სცემს, თუმცა დასძენს, რომ "მიზერული თანხაა".

ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერას ადასტურებენ მერიაში. უწყებაში განმარტავენ, რომ ფინანსურ ნაწილში არ ეხმარებიან, თუმცა გახმოვანების, განათების, ეკრანის, სცენის მოწყობილობების და ა.შ. კუთხით ორგანიზატორებს მათი მხარდაჭერა აქვთ.

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ წერილი მათთან ამ ეტაპზე შესული არ არის.

ღონისძიების რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის თქმით, ის, რომ "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მხოლოდ კაცებმა უნდა შეასრულონ, "ალბათ მხატვრული გადაწყვეტაა".

ფოცხიშვილი აღნიშნავს, რომ სეფიაშვილის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.

"მე მხატვრულ გადაწყვეტაში ვერაფრით ვერ ჩავერევი ბატონ ჯემალს, ეს არის მისი სიმღერა, ეს არის მისი პროექტი და ის, რომ კაცებს ამღერა, ალბათ განსხვავებული რომ ყოფილიყო პირველი ვერსიისგან... ალბათ მხატვრული გადაწყვეტაა, მე ასე ვფიქრობ", - ამბობს ბასა ფოცხიშვილი ტაბულასთან.

როცა ტაბულამ მას ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა ჯემალ სეფიაშვილის პროექტის შინაარსით და ნახა თუ არა მისი კომენტარი, სადაც კომპოზიტორი ამბობს, რომ ქვეყნის დამცველი და სიძლიერე არის მამაკაცი, ბასა ფოცხიშვილი პასუხობს.

"თუ შეკითხვას მაძლევთ მაძლევთ ქვეყნის დამცველი ვინ არის, [გეტყვით, რომ] ქვეყნის დამცველი არის ქალიც, კაციც, მოხუცებულიც და სულ ყველანი, საქართველოს ყველა მოქალაქე მიმაჩნია, რომ ვართ ქვეყნის დამცველები. მხატვრულ საკითხს რაც შეეხება, ის, რომ ბიჭებმა იმღერონ, ან მარტო გოგოებს ემღერათ, ან მარტო ბავშვებს ემღერათ, ეს არის სიმღერის ავტორის მხატვრული გადაწყვეტილება, მე ასე ვფიქრობ".

რაც შეეხება ღონისძიების დაფინანსებას, ბასა ფოცხიშვილიც ირწმუნება, რომ მხარდაჭერა მერიისგან და კულტურის სამინისტროსგან აქვთ.

ინფორმაცია "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ხელახალ ჩაწერასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. სწორედ ამ ინტერვიუში ჯემალ სეფიაშვილმა თქვა, რომ პროექტში მხოლოდ კაცები მიიღებენ მონაწილეობას. კრიტიკის პასუხად კი აღნიშნა:

"ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას".

ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აღნიშნა, რომ კომპოზიტორის ეს კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. ამასთან, მაუწყებელი ამბობს, რომ პირველ არხზე იგეგმება არა ამ სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე, თიკო ბერძენიშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ტელევიზია სიმღერის ხელახალ ჩაწერას არ აფინანსებს.

"არ ვაფინანსებთ არანაირად. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი აქვს, 66-ე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვით საერთოდ ვერ დააფინანსებს ვერანაირ სახელმწიფო ღონისძიებას, როგორც სახელმწიფო ვერ დააფინანსებს. არანაირი კონტრიბუცია ჩვენი არ არის ამ ღონისძიებაში, მათ შორის არც ფინანსური. ჩვენ ვაშუქებთ ღონისძიებას ყველას, რომელიც არის 9 აპრილთან დაკავშირებით და იქნება. ამ შემთხვევაში გვაქვს ფილარმონიიდან ტრანსლაცია-კონცერტი. კონცერტის განმავლობაში რა მოხდება, ამაზე ინფორმაცია წვრილად არ გვაქვს, პროგრამა ჯერ არ მოგვსვლია", - თქვა თიკო ბერძენიშვილმა.

1989 წლის გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ასეულობით ადამიანს შორის ბევრი ქალი იყო. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა უმეტესობაც ქალია.

ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათის დროს იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

კომენტარები