საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება

EMC: მთავრობა საპატრიარქოსთვის დიდი ოდენობით უძრავი ქონების გადაცემას აგრძელებს

ანა გოჩაშვილი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, მთავრობა საპატრიარქოსთვის დიდი ოდენობით უძრავი ქონების გადაცემის პრაქტიკას აგრძელებს. 

ამის შესახებ 29 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2016-18 წლებში ყოველწლიური სუბსიდირების მიღმა სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ფინანსური და ქონებრივი რესურსის გაცემის პრაქტიკა შეისწავლა. EMC-ის ცნობით, მონაცემების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2016-17 წლებთან შედარებით, 2018 წელს საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბმა მოიმატა, რასაც ორგანიზაცია სავარაუდოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტს უკავშირებს. 

"ამ წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთავრობა ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. საპატრიარქოსთვის ამ უძრავი ქონების გადაცემა, როგორც წესი, არ უკავშირდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საეკლესიო ქონების დაბრუნების ვალდებულებას,"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

EMC სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2016-18 წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში არამხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გადაეცემა, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც. ორგანიზაციის ცნობით, საპატრიარქოს უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ან სრულად უსასყიდლოდ გადაეცემა. 

"სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია, რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად,"- წერს EMC. 

მათივე ინფორმაციით, მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ:

"2016 წელს საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 19 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 236 705 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 768.7 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87 984 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

2018 წელს გადაეცა, 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420 102 კვ.მ, მათ შორის 300 245 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო  და 119 857 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2 750.35 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

მთლიანობაში, 2016-2018 წლებში საპატრიარქოს სახელმწიფომ 801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა.

წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით[1] კი, მთლიანობაში  2014-2018 წლებში საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება  1 714 822.83 კვ.მ მიწის ფართობს აღწევს".









არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონების მიღმა 2016-18 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით 1 379 700 ლარი გამოეყო. 

EMC-ის შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული გამოცდილება სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს და კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის გაუმართლებელი პრივილეგირების და მხარდაჭერის პრაქტიკას ქმნის. 

"ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე და თავად საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასხვა რელიგიური თემებისა და ორგანიზაციების იერარქიზებას იწვევს და დისკრიმინაციული შინაარსისაა,"- წერია EMC-ის დასკვნაში. 

კომენტარები