აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

მდინარაძე სახ. დეპ.-ის ანგარიშზე: NGO-ებმა მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 29 მარტის ანგარიშში ეწერა, მცდარია. 

მდინარაძის თქმით, არასწორი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს, რითიც საქართველოს "სტრატეგიული პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს".

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ 2 მიმართულებიდან. ერთი ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება, მეორე ეს შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია. ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ამ არასწორი ინფორმაციის წყარო და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ასეთი უზუსტობებით იმ ადამიანებმა, იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც ასეთი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს,"- თქვა მდინარაძემ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინა 2019 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში, რომელიც ასახავს აშშ-სათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშის პირველი თავი ნარკოტიკების კონტროლის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს, ხოლო მეორე თავი ფულის გათეთრებას და ფინანსურ დანაშაულებს შეეხება.

ანგარიშში საუბარია საქართველოზეც:

"საქართველოში არალეგალური შემოსავლების დიდი ნაწილი საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს და თანხების მითვისებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პარალელური ფინანსური გამოძიებები ნარკოდანაშაულის შემთხვევებში, ცოტა მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული არალეგალური შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით თეთრდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მდებარეობს ტრეფიკინგისათვის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ნაღდი ფულის კონტრაბანდა და გათეთრება ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეთაა და მონიტორინგის საგანი არაა."

ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვისაც:

"საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების გამოძიებაზე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ სპეციალური მიდგომა რათა უზრუნველყონ შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გაზრდა, დაზვერვისა და რესურსების გაერთიანება ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლისათვის. საქართველომ ასევე უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო ინდუსტრიის ზედამხედველობისათვის."

კომენტარები