საპატრიარქოს დაფინანსება

EMC: 2014-2018 წლებში სახელმწიფომ საპატრიარქოს  1 714 822 კვ.მ მიწის ფართობი გადასცა

ბიძინა ივანიშვილი - ილია მეორე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა 2016-2018 წლებში, ყოველწლიური საბიუჯეტო სუბსიდირების მიღმა, სახელმწიფოს მხრიდან  საპატრიარქოსთვის ფინანსური და ქონებრივი რესურსის გადაცემის  პრაქტიკა. აღმოჩნდა, რომ  2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წელს, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების  მასშტაბი იმატებს, რაც სავარაუდოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტს უკავშირდება.

ორგანიზაციის თქმით, ამ წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთავრობა, ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. საპატრიარქოსთვის ამ უძრავი ქონების გადაცემა, როგორც წესი, არ უკავშირდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საეკლესიო ქონების დაბრუნების  ვალდებულებას.

საქართველოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 2016-2018 წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში აქტიურად გადაეცემა არამხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც. საპატრიარქოს, უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად,  1 ლარად,  ან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა. სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე, არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია  რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ:

2016 წელს, საქართველოს საპატრიარქოს, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა 19 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 236 705 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 768.7 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87 984 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

2018 წელს გადაეცა, 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420 102 კვ.მ, მათ შორის 300 245 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო  და 119 857 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2 750.35 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

მთლიანობაში, 2016-2018 წლებში საპატრიარქოს სახელმწიფომ 801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა.

წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით კი, მთლიანობაში  2014-2018 წლებში საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება  1 714 822.83 კვ.მ მიწის ფართობს აღწევს.

კომენტარები