ანაკლიის პორტი

ანაკლიის განვითარების სააგენტო: სახელმწიფო ალტერნატიულ კომპანიას არ ეძებს

ბია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტისთვის ემზადება და ალტერნატიულ კომპანიას ეძებს.

30 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო კომპანიასთან White & Case. კომპანიას კონსორციუმთან სახელწიფოს კონტრაქტში ცვლილებების მომზადება დაევალა და ეს ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზს ითვალისწინებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა" და "ეს კიდევ უფრო ართულებს ანაკლიის ნავსადგურთან დაკავშირებული სპეციფიკური თემის სწორად გაგებას და მიმდინარე პროცესების ჯანსაღ ვითარებაში წარმართვას".

"ხელშეკრულება გაფორმებულია სსიპ "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა" და ამერიკულ იურიდიულ კომპანია "White & Case"-ს შორის. ხელშეკრულების საგანია სამართლებრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში, რაც გულისხმობს: საინვესტიციო ხელშეკრულებაში ბანკებისა და ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების სამართლებრივ შეფასებას, ხელშეკრულების ცვლილებების მომზადებას, კონსორციუმთან და ბანკებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას და დახმარებას მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე, რეკომენდაციების გაწევას მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების ძირითად საგანთან ერთად გათვალისწინებულია დამატებითი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც, რომელიც ეხება ხელშეკრულების შეწყვეტის იურიდიული შედეგების განსაზღვრას", - ნათქვამია განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების სააგენტოს განცხადებით, "ბუნებრივია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს ის რისკები და შედეგები, რომლებიც შეიძლება დაუდგეს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ხელშეკრულების ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში (1 ივლისისათვის) კონსორციუმი ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობის დაწყებას და რის გამოც დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი. ასეთი ოფციის გათვალისწინება ხელშეკრულებაში ბუნებრივია მითუმეტეს მაშინ, როდესაც კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არ მალავს, რომ აპირებს სამართლებრივ დავას საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში".

სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მრავალჯერ თქვეს, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას, "აგრძელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მოლაპარაკებებს და ელოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც გაიმართება აპრილში".

 

კომენტარები