უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები - ვინ არიან ძირითადი კანდიდატები

31 მარტს უკრაინაში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებზე 39 კანდიდატი დარეგისტრირდა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების რეკორდული რიცხვია. ევრომაიდანიდან ხუთი წლის შემდეგ, რუსეთის გამუდმებული შეტევისა და კანდიდატებზე საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია. გამოკითხვებში ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვოლოდიმირ ზელინსკი 20%-ზე მეტი მაჩვენებლით ლიდერობს.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ამომრჩეველთა დაახლოებით 12% საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 34 მილიონზე მეტ უკრაინელს.

2014 წლის რევოლუციის მთავრი დაპირება, რომ ქვეყანაში ღრმა კორუფცია და ოლიგარქთა მართული პოლიტიკური სისტემა აღმოიფხვრებოდა, არ შესრულებულა. მარტში გამოქვეყნებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, კორუფცია უკრაინის მთელ მთავრობაშია გავრცელებული. საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით, უკრაინა კორუფციის ინდექსით 180 ქვეყნიდან 120-ე ადგილს იკავებს. უკრაინელთა ორი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 70% კი არ ენდობა უკრაინის პრეზიდენტს. უკრიანაში შიშობენ, რომ არჩევნები უსამართლო გზით ჩატარდება. საფრთხე არა მხოლოდ რუსეთის დეზინფორმაციისა და კიბერშეტევებისგან, არამედ თავად კანდიდატებისგანაც მომდინარეობს - ხმების ყიდვა, ტროლების კამპანია და სხვა.

რეიტინგ ჯგუფის კვლვის თანახმად, ამომრჩეველთა 83% არჩევნებში მონაწილეობას იღებს და რჩეული კანდიდატიც ჰყავთ. კვლევის შედეგებით, მხოლოდ 5 კანდიდატი მიიღებს 9%-ზე მეტ ხმას. გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი კი სამ კანდიდატს აქვს.


ფოტო: Rating Group

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, 21 აპრილს მეორე ტური გაიმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკი


ფოტო: REUTERS


გამოკითხვების ლიდერი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ახალი სახეა უკრაინულ პოლიტიკაში. ის არის ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და მსახიობი, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს. ზელენსკი მონაწილეობას იღებდა პოპულარულ კომედიურ სერიალში “ხალხის მსახური“. სერიალში ის თამაშობს სკოლის ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელიც მომავალში მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება. მან თავის ახალ პარტიას სერიალის სახელწოდება დაარქვა. ზელენსკის მხარდამჭერთა ნაწილი კანდიდატს მის პერსონაჟთან აიგივებს.

კანდიდატს საეჭვო კავშირი აქვს ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან. ოლიგარქი ფლობს უკრაინის ერთერთ წამყვან ტელევიზიას ‘1+1’, რომელიც მხარს უჭერს ზელენსკის კამპანიას. ზელენსკის თქმით, ამაში უცნაური არაფერია, რადგან უკრაინაში ყველა დიდ ბიზნესს ოლიგარქები ფლობენ. კოლომოისკის თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დავა ჰქონდა პოროშენკოს მთვარობასთან. მისი PrivaBank - ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი 2016 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილებების მიმღები სწორედ კოლომოისკი იქნება.

მსახიობის კომედიური შოუ რუსეთშიც პოპულარულია, ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, მისი კომედიური შოუ Kvartal 95 ფულს რუსული კომპანიისგან იღებს. კანდიდატის თქმით, მან რუსეთთან კავშირი რამდენიმე წლის წინ გაწყვიტა .

"განსხვავებით სხვა დიდი პოლიტიკოსებისგან, მე არ მინდა ყალბი დაპირებების გაცემა... მინდა დაგპირდეთ, რომ სწორი გზით წავალ," - თქვა ზელენსკიმ. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობისთვის მზად არის, ასევე მისი დაპირებით სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი გახდება. მისი საგარეო პოლიტიკა ჯერ-ჯერობით უცნობია. მან Facebook გამოკითხვით მომხმარებლებს ჰკითხა დაესახელებინა ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გადაწყვეტდა. მისი თქმით, ის "ეშმაკთან მოლაპარაკებისთვისაც" არის მზად, რადგან დონბასში სამხედრო გამარჯვება შეუძლებელია .

თებერვლის დასაწყისში ზელენსკიმ წამოიწყო კამპანია #მეკლოუნი (#ЯKлоун). კამპანია ერთი მხრივ, მის პროფესიას მიემართებოდა, მეორე მხრივ კი იმ გზავნილს ატარებდა, რომ უკრაინელები ჯამბაზების როლში აღმოჩნდნენ, როდესაც პოლიტიკურ ელიტას მათი გაძარცვის უფლება მისცეს. კამპანიის ფარგლებში ასობით უკრაინელმა ვიდეო დაპოსტა, სადაც, ჯამბაზივით, წითელი ცხვირები ეკეთათ.

ზელენსკის უმეტესად ახალგაზრდები უჭერენ მხარს აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებიდან. ისინი არჩევნებში მონაწილოებას აქტიურად არ იღებენ, თუმცა მობეზრდათ მაედანის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დებატები და სიახლეს სერიალის გმირში ხედავენ.

პეტრო პოროშენკო


ფოტო: REUTERS

ამჟამინდელი პრეზიდენტი და დამოუკიდებელი კანდიდატი. მისი რეიტინგი საშუალოდ 17% -ია, თუმცა ის ერთერთ წამყვან კანდიდატად რჩება.

2014 წლის მაიდანის შემდეგ პრო-დასავლურ კანდიდატს პოროშენკოს მალევე ქვეყნის 50%-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და დაამარცხა ტიმოშენკო.

პოროშენკოს თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს გაძლიერდა არმია და ქვეყნამ თავიდან აირიდა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა გაფორმდა, უკრანის მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი გახდა. ამ ცვლილებების მიუხედავად, მისი პრეზიდენტობისას დაპირებული სტრუქტურული რეფორმები არ განხორციელებულა.

პოროშენკომ 2014 წლის კამპანიის ტონი შეცვალა და ახლა ყურადღებას ამახვილებს "არმია, ენასა და რწმენაზე". პრეზიდენტი პოროშენკოს მიერ ნოემბერში ერთთვიანი საომარი ვითარების გამოცხადებამ და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერამ მისი რეიტინგი გაიზარდა. უკრაინის არმია არის ინსტიტუტი, რომელსაც უკრაინის მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა. დეკემბერში ის მოსახლეობას დაპირდა, რომ სამხედრო ბიუჯეტი რეკორდული, მშპ-ს 5%-ზე მეტი გახდებოდა. ის მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას პირდება, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში შესვლისთვის მზადებას დაიწყებს, კორუფციას კი ნულოვან ტოლერანტობას გამოუცხადებს.

მოწინააღმდეგეების საპასუხოდ პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ პოპულისტები ქვეყანას ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანენ, ხოლო ქვეყანას არჩევანი უნდა გაეკეთებინა დასავლელ მეზობლებსა და ვენესუელას მსგავს მომავალს შორის. "ჩვენ დავშორდით მოსკოვს და დავუახლოვდით ევროპას... არაფერმა უნდა დაგვხიოს უკან," - თქვა პოროშენკომ.

იულია ტიმოშენკო


ფოტო: REUTERS

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი პარტიიდან "მამული" მარტის გამოკითხვით მეორე ადგილს იკავებს. 90-იან წლებში გაზის ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის გამო მას ‘გაზის პრინცესა’ შეარქვეს. ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ის ქვეყნის პრემიერმინისტრი ორჯერ გახდა, შემდეგ კორუფციის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს.

ტიმოშენკო ამომრჩეველს ახალ კონსტიტუციას, ენერგორესურსებზე შეღავათიან გადასახადებს, არმიის რეფორმას, მაღალ ხელფასებსა და პენსიებს პირდება. ყოფილი პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი სამხედრო დოქტრინა, რაც არმიის ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობს, უტოპიურია და რეალისტრური დოქტრინისთვის ომის კაბინეტის შექმნა იქნება საჭირო. ის აკრიტიკებს პოროშენკოს მხარდაჭერილ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. ტიმოშენკო მოსახლეობას პირდება, რომ გაზის ფასი დაახლოებით სამჯერ შემცირდება. მისი თქმით, თუ პირველ ას დღეში ძველ სისტემას ვერ დაანგრევს, ის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.

2018 წლის ოქტომბერში ტიმოშენკო გამოვიდა ინიციატივით, რომ დაებრუნებინა ბუდაპეშტის შეთანხმება, რის თანამხმადაც, ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ, უკრაინის სუვერენიტეტი გარანტირებული იქნებოდა. მას მიაჩნია, რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის მინსკი 2-ს შეთანხმება საკამრისი არ არის და ბუდაპეშტის შეთანხმების გაფართოვება სურს - გერმანიის, საფრანგეთისა და ჩინეთის ჩართვით. სანქციების გაზრდით კი რუსეთი იძულებული იქნება ჯარები გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან. საეჭვოა ახალ ფორმატში პუტინის დათანხმება. ასევე საეჭვოა ჩინეთის ჩართვა, რადგან გაეროში ყირიმისა და დონბასის საკითხებზე ხმის მიცემაში მონაწილოებას არ იღებს. უცნობია, როგორ აპირებს ტიმოშენკო ამ გეგმის განხორციელებას.

ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანმების დადება და ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ამის მაგალითად კანდიდატმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიასთან საფრანგეთისა და რუსეთის დალაგებული ურთიერთობა მოიხმო. 

ტიმოშენკო აზოვის ზღვაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ საომარი მოქმედებების დაწყების მომხრე იყო. ომთან დაკავშირებული განცხადებები წინასაარჩევნო პოპულიზმის ნაწილი შეიძლება იყოს. 2014 წელს, მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრი იყო, მან მხარი არ დაუჭირა რუსეთის აგრესორ ქვეყნად გამოცხადებას. მან ასევე არ გააკეთა კომენტარი 2008 წლის აგვისტოს ომზე.

ანატოლი გრიცენკო

ყოფილ თავდაცვის მინისტრს და უკრაინის არმიის ყოფილ პოლკოვნიკს პარტიიდან "სამოქალაქო მოძრაობა" ამომრჩევლის დაახლოებით 10% უჭერს მხარს.

გრიცენკო მესამედ იყრის კენჭს და კორუფციასთან ბრძოლას, უკრაინის ოლიგარქიის დანგრევას, ყირიმის დაბრუნებას, უკრაინის არმიის გენერლების შემცირებასა და არმიის ნატოს სტანდარტებამდე აყვანას აპირებს. მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში აამოქმედებს სამოქმედო გეგმას, რაც ქვეყანის ეკონომიკას საშუალოდ 10%-იან ზრდას მოუტანს.

გრიცენკოს გათვლით, ხუთ წელიწადში ოკუპირებულ ტერიტორიებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სანქციებითა და სამხედრო ძალით ‘სპეციალური სტატუსის’ გარაშე დაიბრუნებენ.

გრიცენკომ მაიდანის მხარდამჭერი ოპოზიციონერები შემოიერთა. გრიცენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი აქვს, თუმცა საპრეზიდენტო კამპანია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თავის გუნდთან ერთად რადაში შევლაში დაემხარება. გრიცენკო იზიდავს პროდასავლელ ამომრჩეველს, რომლებსაც პოროშენკო და ტიმოშენკო არ მოსწონთ.

იური ბოიკო

ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობაში და დამოუკიდებელი კანდიდატი ოპოზიციური პლატფორმიდან "სიცოცხლისთვის". რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პრორუსმა კანდიდატებმა ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს, თუმცა რუსულენოვან უკრაინელებში ბოიკო პოპულარული კანდიდატია.

ბოკიო, ტიმოშენკოს მსგავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმებს ეწინააღმდეგება. პრეზიდენდტად არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო რეფორმების გაუქმებას პირდება. თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების ხარჯზე კი სოციალური დამხარებების გაზრდა სურს. მან გააკრიტიკა რადას მხარდაჭერილი კანონპროექტი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელის შეცვლაზე.  

ბოიკოს ყოვლისმომცველი სამშვიდობო სტრატეგიით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს. ის მხარს უჭერს "კონფლიქტის ყველა მხარესთან" მოლაპარაკებების დაწყებას, რაშიც გულისხმობს დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერების ჩართვას, სადაც რუსეთი იქნება მედიატორი და არა კონფლიქტის მონაწილე. პრორუსი კანდიდატი, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ლიდერობს.

კომენტარები