თურქეთის არჩევნები

ანკარაში ოპოზიციამ გაიმარჯვა - თურქეთის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.

ხმების 92%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა, მანსურ იავაშმა ხმების 50.2% მიიღო. ოპოზიციამ გაიმარჯვა საკურორტო ქალაქ იზმირშიც

სტამბოლში მმართველმა პარტიამ მცირედით, 48,71%-ით შეძლო გამარჯვება, მაშინ როცა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხმების 48,65% მოიპოვა. ოპოზიციონერი კანდიდატი, ექრემ იმამოღლუ შედეგს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

არჩევნების პარალელურად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა. დაშავდა ათობით ადამიანი. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია რამდენიმე ქალაქში დამარცხდა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება. ის ხალხს დაჰპირდა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშავებს. 

თურქეთში ადგილობრივ არჩევნებზე 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

კომენტარები