აქცია ჭავჭავაძის გამზირზე

"გამოდი" - აქციის მონაწილეები კახა კალაძის სახლთან მივიდნენ

EMC

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან მივიდნენ. "გამოდი, ხომ არ გადაიფიქრე" - სკანდირებენ ისინი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა აქციის მონაწილეებს "სამუშაო ფორმატში" შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

"ჩვენ ამოვწურეთ სამუშაო ფორმატში მრგვალ მაგდასთან ჯდომა", "მობრძანდეს მოქალაქეებთან, დღესვე დაიწყონ ცვლილებები", "აღარანაირი სამუშაო ფორმატი აღარ იარსებებს" - ამბობენ აქციის მონაწილეები.

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. მათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ არ დაიშლებიან.

მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა და კორდონი გააკეთა. ამის გამო, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ღობე მოშალა და იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც გუშინ 2 ადამიანი დაიღუპა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის წინააღმდეგობისთვის პოლიციამ 4 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. 

"სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები