შრომის უსაფრთხოება

ჭავჭავაძის გამზირზე აქცია იშლება - ორგანიზატორები "სახალხო მოძრაობის" შექმნას აპირებენ

EMC

სამოქალაქო სოლიდარობის ქსელი საერთო მოძრაობის შექმნას აანონსებს. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ დღეს პროტესტს წყვეტენ, თუმცა, "ერთიანი დაუმორჩილებლობის" გეგმა შეიმუშავეს. მათი თქმით, გამართავენ შეხვედრას სხვადასხვა "ჩაგრულ ჯგუფთან" - ტაქსისტებთან, "იპოთეკით დაზარალებულებთან", დევნილებთან.

"გავერთიანდებით და მერე ვნახოთ, ვინ ვის შეხვდება და ვინ ვის არ შეხვდება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება" - თქვა ორგანიზატორმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს, აქციის მონაწილეები "გიჟებად გამოგვიყვანოს".

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ. თბილისის მერმა აქციის მონაწილეებს "სამუშაო ფორმატში" შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მომიტინგეები თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან მივიდნენ და სკანდირებდნენ - "გამოდი".

მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა და კორდონი გააკეთა. ამის გამო, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ღობე მოშალა და იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც გუშინ 2 ადამიანი დაიღუპა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის წინააღმდეგობისთვის პოლიციამ 4 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. 

"სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები