საპატრიარქო

"თანამშრომლობდა ეკლესია და ილია II საბჭოთა КГБ-სთან?" - გირჩი საპატრიარქოსგან პასუხს ითხოვს

პატრიარქი ილია მეორე

პოლიტიკური პარტია გირჩი საპატრიარქოს მიმართავს. განცხადებაში, რომელიც პარტიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, საუბარია იმ დოკუმენტის ასლზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

დოკუმენტის მიხედვით, 1983 წლის 28 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ-ში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, შესახებ მიმართა. 



განცხადებაში გირჩი წერს, რომ ამ დოკუმენტის გარდა არსებობს მეორე დოკუმენტის ასლის ციფრული ვერსიაც, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს საბჭოთა სუკის თანამშრომლის, 1933 წელს დაბადებული ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილის ბარათს, მეტსახელად "ივერიელი".



გირჩის ცნობით, დადასტურებული ფაქტია, რომ რელიგიური ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში ტოტალიტარული სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ და საბჭოთა სუკი მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. 

"პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა საჯაროდ აღიარა, რომ იგი თანამშრომლობდა ბოროტების იმპერიის სპეცსამსახურებთან. მორჩილება და თანამშრომლობა იმ ჯოჯოხეთურ პერიოდში ნორმას წარმოადგენდა, რადგან, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერს კათოლიკოს ამბროსი ხელაიას ბედი ელოდა,"- წერს პარტია. 

გირჩის აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე ქართული ეკლესიის, მათ შორის, კონკრეტულად მისი წინამძღოლისა და საბჭოთა სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. 

"დასამალი არაფერია და დიდი ხანია დროა, არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხები. მეტიც, დროში გაჭიმული დუმილი პირიქით, უფრო მეტ კითხვებს აჩენს და ჩრდილს აყენებს ეკლესიის რეპუტაციას.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლზე დაყრდნობით, საბჭოთა პერიოდში ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ საქართველოს სახელმწიფო ყოველწლიურად გადასცემს ეკლესიას როგორც საბიუჯეტო სახსრებს, ისე ქონებას. ჯამში, საუბარია ასობით მილიონზე. მინიმუმ უცნაური იქნება, თუ გაირკვევა, რომ დღევანდელი გადასახადის გადამხდელები საკუთარი შრომით შექმნილი დოვლათის ნაწილს იძულების წესით უხდიან ინსტიტუტს, რომელიც მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების მონური ყოფის შემოქმედი სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო,"- წერს პარტია Facebook-ზე. 

კომენტარები