შუალედური არჩევნები

ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები ჭიათურაში დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერენ მხარს

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები ჭიათურაში მერის შუალედურ არჩვენებზე მხარს, ორგანიზაცია "მომავლის ჭიათურა"-ს დამოუკიდებელ კანდიდატს დავით ჭუმბურიძეს, უჭერენ. პარტიების წარმომადგენლებმა ჭუმბურიძე დღეს ოფიციალურად წარადგინეს. პარტიების წევრებმა მოსახლეობას დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დავით ბაქრაძის თქმით, ნებისმიერი არჩევნები უნდა იყოს გამოყენებული, როგორც მოსახლეობის ცხოვრების უკეთესობისკენ შევლის საშუალება. 

"ჭიათურა ეს არის რაიონი, რომელსაც აქვს უმდიდრესი პოტენციალი, ეს არის რაიონი რომელსაც უნდა შეეძლოს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთელი რეგიონისა და საქართველოსთვის შემოსავლის მოატანა და დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამ რაიონში მოსახლეობას ძალიან უჭირს, არ არის განვითარების განცდა, არ არის სამუშაო ადგილები, არ არის შემოსავალი. ამ ყველაფერს სჭირდება შეცვლა და შეცვლის გზა გადის არჩევნებზე. ნებისმიერი არჩევნები უნდა გამოვიყენოთ, როგორც საშუალება შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე ვუყურებთ ჩვენ 2019 წლის მერის რიგგარეშე არჩევნებს ჭიათურაში და მინდა თითოეულმა ჭიათურელმა დაიჯეროს, რომ ეს არჩევნები არის მათი ინსტრუმენტი შეცვალონ რაიონში ცხოვრება უკეთესისკენ და შეცვალონ მათი ოჯახების ცხოვრება. ეს იყო ჩვენი მიდგომა და აქედან გამომდინარე სრულად და ხალისით დავუჭირეთ მხარი, იმ საზოგადოებრივი მოძრაობის დამოუკიდებელ კანდიდატს. ჭიათურას  აკლია ყურადღება, მიხედვა და ის, რასაც უნდა აკეთებდეს ადგილობრივი ხელისუფლება და არ აკეთებს, რადგან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც დაკავებულია საკუთარი ინტერესებით საკუთარი ჯიბით და ერთმანეთთან დაპირისპირებით," - ამბობს ბაქრაძე.

"მანამ სანამ ქართული ოცნება შეიცვლება 2020-ში მნიშვნელოვანია ადგილზე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ წააგოს აქ შუალედური არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ რომ ჭიათურაში ახალგაზრდა ენერგიით სავსე ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნელნელა დაიწყონ სისტემის ქვემოდან ზემოთ ცვლილება. ყველა პრობლემის მოგვარება ერთბაშად შეუძლებელია, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების დაწყება შეიძლება მერის არჩევნებით, მინდა მოვუწოდო თანამოქალაქეებს რომ აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს არის რეალური ალტერნატივა. და ჩვენ ახლაც და მომდევნო არჩევნებზეც ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს, ქართული ოცნება დამარცხდეს და ახალგაზრდები წამოვიდნენ წინა პლანზე და ამისთვის ეს არის ერთერთი პირველი ნაბიჯი," - ამბობს სერგი კაპანაძე. 

ჭიათურაში დამოუკიდებელ კანდიდატს ასევე მხარს უჭერს "შენების მოძრაობა". საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. 

კომენტარები